ბავშვობაში, როცა თბილისის „დინამო“ საბჭოეთის სახელით თამაშობდა, უფროს გულშემატკივრებს უხაროდათ ბრიტანული გუნდი თუ შეგვხვდებოდა. გამეფებული იყო აზრი, რომ ჩრდილოელებთან თამაში კარგად გამოგვდიოდა. მართლაც, არა მხოლოდ აზრი, ეს იყო ფაქტიც: გამონაკლისი მხოლოდ „ტოტენჰემი“, თორემ სხვა ვინ დაუდგა გვერდში? „კარდიფ სიტიზე“ და „უოტერფორდზე“ ლაპარაკიც ზედმეტია, „ვესტ ჰემი“ და მრისხანე „ლივერპულიც“ კი გაანადგურეს ოქროს ბიჭებმა.

მართალია, ირლანდია ბრიტანეთი არაა, მაგრამ ათადან და ბაბადან ტიპიურ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობდა და თამაშობს. მგონი, ყველაზე ბრიტანულსაც კი.

და მართალია, ბოლო 16 წლიწადში ოქროს ბიჭები აღარ გვყავს და ქართულ საფეხბურთო ნიშან–თვისებებშიც სერიოზული გარღვევაა, მაგრამ მაინც სირცხვილია, ირლანდიასთან ურთიერთშეხვედრებში ასეთი საშინელი სტატისტიკა გვქონდეს. 10 მატჩი, 9 წაგება, 1 ფრე, 5 გატანილი გოლი და 18 გაშვებული. მოგების გარეშე!

12 ოქტომბერს მეთერთმეტედ შეხვდებიან საქართველო და ირლანდია. დიდი ალბათობით ჯგუფში მეოთხე ადგილს ვერ ავცდებით, ხოლო ირლანდია ლიდერია და მაინც ძალიან სჭირდება სამი ქულა. მიუხედავად ამისა, გულს ძალიან უნდა, რომ ეს ნაკრები გავამწაროთ: ღირსების საკითხია. ირლანდიაა, ბრაზილია და გერმანია ხომ არა?!

თანაც, განვლილ ათ მატჩს თუ გადავხედავთ, უმრავლესობა ისეთი იყო, ხან ძელი ეხმარებოდათ ჩრდილოელებს, ხან მსაჯი და იყო შემთხვევა, სხვა ხრიკებიც რომ გამოიყენეს. 2008 წლის აგვისტოს ომის მერე თავი მოიკლეს, თბილისში არ ვითამაშებთ, გვეშინიაო. ფიფას შეუჩნდნენ და მათაც ნეიტრალურზე დანიშნეს თამაში, რომელიც 1:2 წავაგეთ. არადა, სექტემბრის დასაწყისში თბილისში საომარი არაფერი ხდებოდა…

იმავე შესარჩევში ირლანდიაში 73–ე წუთამდე ვიგებდით და გვჯობდნენ თუ არა, ეგ სხვა საკითხია. ვერ გაჰქონდათ. ადგა ფინელი მსაჯი ჰიუტია და გაუგონარი პენალტი დანიშნა ქართველების კარში. გაგვიტანეს, მერე მეორეც მიაყოლეს და მოგვიგეს. ის პენალტი ტრაგიკომიკურ მომენტებშია შესატანი…

შარშანწინ შესარჩევში თბილისში შეინ დაფიმ თავით გაუტანა გიორგი მაკარიძეს. ათიდან რვა შემთხვევაში ამ გოლს არ ჩათვლიდნენ, რადგან მეკარე საჯარიმოში ხელშეუხებელია, დაფიმ კი ჩვენი გოლკიპერი ლამის სცემა და ისე გაიტანა.

განსაკუთრებით მძიმე იყო 2016–ის შემოდგომაზე წაგება დუბლინში. ვლადიმირ ვაისის გუნდს პირველ ტაიმში სრული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ რაღაც ბედად ბურთი კარში არ შევიდა, მერე კი კოულმენმა ისეთი გაიტანა, ლელოს უფრო ჰგავდა.

თუმცა ამ ათ მატჩში მარტო უიღბლობაზეც ვერ დავიჩივლებთ. იყო მონაკვეთები, როცა ირლანდიის საფეხბურთო აგრესიულობის ფონზე ქართველები ბუნჩულა ბავშვებს ჰგავდნენ, მაგრამ საერთო ჯამში 0–1–9 (მოგება–ფრე–წაგება) რეალობას ყოვლად აცდენილი ციფრებია.

ღირსება, ჯავრი, ბრაზი – რაც გინდათ დაარქვით, მაგრამ 12 ოქტომბერს გაგვახარეთ. ცხრა წაგება! ცხრა ლახვრის დარტყმისა არ იყოს, ახლა მაინც გავიცინოთ.