გუშინ „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” 3:1 მოუგო, მაგრამ რაჰიმ სტერლინგს მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთზე იმდენი ლაპარაკი არ დასჭირვებია, რამდენიც პორტუგალიელი თანაგუნდელის ბერნარდო სილვას დაცვა. რა სჭირდა სილვას სტერლინგის დასაცავი? საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში სახუმარო (თვითონ ასე ეგონა) ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთ მხარეს „სიტის” ფრანგი მცველის ბენჟამენ  მენდის ბავშვობის ფოტო იდო, ხოლო მეორე მხარეს ერთ-ერთი ესპანური საკონდიტრო თილისმის გამოსახულება.

როგორც მოსალოდნელი იყო საზოგადოებამ ხუმრობა ვერ გაიგო და ბერნარდო სილვას თავზე ლამის წისქვილის ქვა დაატრიალეს. მართალია, სილვამაც და მენდიმაც მოგვიანებით განმარტეს, რომ ეს უწყინარი ხუმრობა რასიზმთან არანაირ კავშირში არ იყო, მაგრამ გაგონება არავის სურდა. და აი, პრეს-კონფერენციაზე, რაჰიმ სტერლინგს, ალბათ, როგორც ფერადკანიანს, კვლავ ამ თემაზე ჰკითხეს.

„ის რაც დღეს ხდება, არავის სჭირდება, — მიუგო სტერლინგმა, — დამიჯერეთ, ერთი მეგობარი მეორეს ეხუმრა, მეტი არაფერი მომხდარა. ბერნარდო და ბენჟამენი მართთლა ახლო მეგობრები არიან.

რასაკვირველია, ვხვდები, რატომაც იფიქრა ბევრმა, რომ რასისტულ შეურაცხყოფასთან გვქონდა საქმე, მაგრამ მე აქ რასიზმს ვერ ვხედავ და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს ამბავი ჩემს თანაგუნდელებს ეხება. ორივე სურათზე თავი ტანზე პატარა ჩანს. მორჩა, მთელი ხუმრობა ეს არის. აქ კანის ფერი და ტუჩების ფორმა არაფერ შუაშია.

ყველანი ვიცნობთ ბენჟამენს და ვიცით, რომ ის შავკანიანია. ჩვენ, შავკანიანები ჩვენი კანის ფერით უნდა ვამაყობდეთ. და თუ ვინმე ამა თუ იმ სურათში ჩვენს ფერს გამოსახავს, ამას შეურაცხყოფად არ უნდა ვიღებდეთ. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ფერისანიც ვართ. ეს ფაქტია.

სილვასა და მენდის ისტორიაში კი ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ბერნარდოს რასისტულად არ უხუმრია. და კიდევ, მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ სოციალური მედიის ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერს, რასაც ვამბობთ თუ ვაკეთებთ, უცხო ადამიანები სჯიან.

ბერნარდო სილვამ ხუმრობა სცადა. მეტი არაფერი მომხდარა. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ”.

შვიდი ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი” 16 ქულით მეორე ადგილზეა. 21 ქულით ლიდერობს „ლივერპული”. „ლივერპული” და „მანჩესტერ სიტი” ერთმანეთს 10 ნოემბერს, „ენფილდ როუდზე” ხვდებიან.