ENTREVISTA A GODIN

ამ ზაფხულს დიეგო გოდინი „ინტერში” გადავიდა და ამით მისი თავგადასავალი „ატლეტიკოში” დასრულდა. ხუთი ტურის შემდეგ „ინტერი” სერია „ა”-ს ცხრილს სათავეში რომ მოექცა, ამაში, ურუგვაელის დიდი დამსახურებაც არის. გადასავლის მიზეზი: მილანელებმა მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მადრიდელებმა — არა. და აი, იტალიაში გადაბარგებულმა გოდინმა ესპანურ „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

— როგორ მოგეწონათ მილანში? რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

— მართალი გითხრათ, დიდი დრო არ მრჩება. ვარჯიშსა და ვარჯიშს შორის ბევრს ვერაფერს ვასწრებ. ამასწინათ დუომოს ტაძარი ვნახე და სულ ეს არის. აქ ესპანეთთან შედარებით უფრო ადრე, საღამოს 8 საათზე ვვახშმობთ. ცხოვრებას თანამემამულე მატიას ვეკინო და ბორხა ვალერო მიადვილებენ.

— „ინტერში” ახალი მისული კი ხართ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ბრძანდებით. თავს უკვე ბოსად გრძნობთ?

— არა, რასაკვირველია. როგორც ახალ სამსახურში, საქმის კურსში ნელ-ნელა შევდივარ. კარის წიხლით შეღება და მედიდურად მოქცევა ჩემი სტილი არ არის. რასაკვირველია, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ, აქ ყველამ იცის ვინ ვარ, მაგრამ ნავში მეც სხვებივით ერთი ნიჩაბი მიჭირავს. შეიძლება ითქვას, რომ იტალიური კარგად მესმის, მაგრამ ხანდახან აზრის გამოხატვა მიჭის. გასახდელი კი აქ კარგი ხალხით არის სავსე.

— თქვენ ძველი გვარდიის წარმომადგენელი ხართ. ადრე ვეტერანებს მეტი პატივისცემით ეპყრობოდნენ, არა?

— ყველაფერი იცვლება. კონკრეტულად „ინტერს” ან რომელიმე გუნდს არ ვგულისხმობ. ურუგვაიში, მაგალითად, ვხედავ, რომ ძველ და ახალ დროებას შორის დიდი განსხვავებაა. ადრე გასახდელში სულ სხვა ქცევის წესები მოქმედებდა.

— „ინტერში” სხვანაირად თამაშობთ. ანტონიო კონტეს დაცვის ხაზი სამი ფეხბურთელისგან შედგება. გარდა ამისა, თქვენ სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასიც გადააწოდეთ. 

— ასეთ თამაშზე ბევრი ვიმუშავეთ. ახლა შეტევებში გაცილებით ხშირად ვერთვები. თამაშის დაწყება მარჯვნიდან მიწევს, ნახევარდაცვაში პირველი პასი რომ ვიყო. „ატლეტიკოში” ყველაფერი სხვანაირად იყო აწყობილი, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელი ვარ და სიახლეს შევეგუები.

— „ინტერი” „ატლეტიკოა” და „მილანი” „რეალი”?

— ნამდვილად ვერ გეტყვით. „ინტერს” დიდი ისტორია აქვს და კარგად ორგანიზებული კლუბია.

— ადრე თქვით, რომ ეს „ინტერი” 2014 წლის „ატლეტიკოს” გაგონებთ, ჩემპიონი რომ გახდა.

— ეს იმიტომ ვთქვი, რომ „ინტერს” გამარჯვების ისეთივე წყურვილი შევატყვე. თან ორივე გუნდი მწვრთნელს ეყრდნობა და ისინი ძლიერი პიროვნებები არიან. „ინტერის” მთავარი ფიგურა კონტეა.

— აქ უკვე კარგა ხანია ხართ საიმისოდ, რომ თქვენი აზრი თქვათ გავრცელებულ მოსაზრებაზე, თითქოს იტალიურ ფეხბურთში სხა ქვეყნებთან შედარებით ტაქტიკა გაცილებით მნიშვნელოვანია.

— ჯერჯერობით ვამჩნევ, რომ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფიზიკური მომზადებაა. იტალიური ფეხბურთიც შეიცვალა. დღეს აქ გაცილებით მეტი გახსნილი თამაშია. გოლებიც ადრინდელზე მეტი გადის. მოკლედ, ჯერჯერობით რაც შევამჩნიე ის არის, რომ აქაური ფეხბურთი უფრო მეტად ფიზიკურია, ვიდრე ტაქტიკური.

—  რვა წელიწადია იტალიაში „იუვენტუსი” ბატონობს. როგორ ფიქრობთ, სკუდეტოს მოპოვება შეუძლებელია?

— ჩვენ კანდიდატები ვართ. „იუვეს” ისედაც უძლიერესი გუნდი ჰყავდა და კიდევ ფეხბურთელები დაიმატა. მას დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ ჩვენ ამბიციური კლუბი ვართ და ყველაფრის მოგება გვინდა.

— სულ მალე, 2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ ბარსელონაში მიემგზავრებით, სადაც თქვენს ყოფილ თანაგუნდელს ანტუან გრიზმანს დაუპირისპირდებით…

— ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გვითამაშია ერთმანეთის პირისპირ. მე ჩვეულებრივად ვითამაშებ და მერე, როდესაც მატჩი ჩატარდება, გულში ჩავიკრავ.

— რას ელით ამ შეხვედრისგან?

— „კამპ ნოუზე” ბევრჯერ მითამაშია. „ბარსელონა” სახიფათო გუნდია და ვფიქრობ, მაგ დროისთვის მესიც შემადგელნობაში იქნება. მათგან საუკეთესო ფეხბურთს ველი.

— „ბარსელონაში” გადასვლა გრიზმანს ძვირად უჯდება. ეთანხმებით?

— გატანილი გოლების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, დიახ ასეა, მაგრამ „ბარსელონა” მესით და მესის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია. როგორც კი ლეო გამოჯანმრთელდება, „ბარსა” კარგად ათამაშდება. როდესაც ლეო მოედანზეა, მოედანზე სხვა რაღაცები ხდება. მას წელიწადში 50 გოლი გააქვს.

— დიეგო სიმეონეს როგორ დაემშვიდობეთ?

— ემოციურად. ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ის ჩემთვის მხოლოდ მწვრთნელი არ იყო. ჩვენი ურთიერთობა უკვე ფეხბურთს მიღმა იყო.

— ოდესმე დაბრუნდებით „ატლეტიკოში”?

— არ ვიცი. იმასაც კი ვერ გეტყვით, გავხდები თუ არა ოდესმე მწვრთნელი. ამაზე არც მიფიქრია. ჯერჯერობით ვთამაშობ და როდის დავანებებ თავს, არ ვიცი. ერთადერთი, ვიცი, რომ დასვენება მჭირდება.