კატალონიურმა „ბარსელონამ“ ფრანგი ფორვარდის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერისას რეგლამენტი დაარღვია, რის გამოც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბი დააჯარიმა. თუმცა ჯარიმა სიმბოლურია – მხოლოდ 300 ევრო და ეს მაშინ, როდესაც რეგულაციების დარღვევამ კლუბს სავარაუდოდ, 80 მილიონი ევროს ეკონომიის საშუალება მისცა.
„ბარსელონას“ წინააღმდეგ ფედერაციაში საჩივარი გრიზმანის ყოფილმა კლუბმა, მადრიდის „ატლეტიკომ“ შეიტანა. მადრიდელები იმის გამო იყვნენ უკმაყოფილოები, რომ, მათი აზრით, ტრანსფერის სანაცვლოდ ის თანხა ვერ მიიღემ, რასაც ელოდნენ. „ატლეტიკომ“ ფედერაციას მტკიცებულებები წარუდგინა, რომელთა თანახმადაც გრიზმანსა და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დაიწყო.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის კომისიაში მიიჩნიეს, რომ მოლაპარაკებათა ნებადართულ ვადაზე ადრე დაწყების ფაქტის – რამაც ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების შემცირება განაპირობა – დადასტურება შეუძლებელია. თუმცა ამ შემთხვევაში, გაუგებარი ხდება, რისთვის დააჯარიმეს „ბარსელონა“ თუნდაც 300 ევროთი.