„სანი” წერს, ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ პოლ პოგბას მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და იანვარს როგორც არასდროს ისე ელის, „მანჩესტერ იუნაიტედიდან” რომ გაიქცესო. საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ „კარაბაოს თასის” მეთექვსმეტედფინალში, სადაც მანჩესტერელებმა „როჩდეილი” პენალტებით დაამარცხეს, ფრანგი კაპიტნობის ღირსადაც არ ჩათვალეს. ეშლი იანგისა და დავიდ დე ხეას არყოფნაში სამკლავური 21 წლის ალექს ტუანზებეს შეაბეს.
გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონს არც მატჩისშემდგომი პენალტის დარტყმა ანდეს. „სანი” წერს, რომ ცნობილი არ არის, პოგბამ პენალტი თავისი სურვილით არ დაარტყა თუ მწვრთნელმა არ შეიყვანა დამრტყმელთა ხუთეულში, მაგრამ ფაქტია, რომ ის ბურთთან არ მისულა. „იუნაიტედმა” თერთმეტმეტრიანების სერია 5:3 მოიგო. ამას კი წინ, პრემიერლიგაში, „ვულვერჰემპტონთან” ვერ გატანილი პენალტის გამო მისი ამ საქმიდან ჩამოწერა უძღოდა. თან, მაშინ პოგბამ და მარკუს რეშფორდმა ყველას დასანახად იკამათეს, არა მე დავარტყამ და არა მეო.
„ვულვზთან” თამაშის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერმა გასახდელში გამოაცხადა, რომ ამიერიდან „მანჩესტერ იუნაიტედის” პენალტისტი მხოლოდ რეშფორდი იქნებოდა.
„იუნაიტედის” წინა სამი თამაში ფრანგმა კოჭის ტკივილის გამო გამოტოვა და როგორც გაზეთი წერს, სწორედ ამ პერიოდში ანუ „როჩდეილთან” თამაშის წინ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ იანვარში „ოლდ ტრეფორდიდან” აუცილებლად წავა. არადა, სულშერმა ზაფხულში თითქოს დაარწმუნა, რომ არ უნდა წასულიყო, რადგან მისი ახალი გუნდის ერთ-ერთი საყრდენი მოთამაშე იქნებოდა.
და მაინც, პოგბამ გადაწყვიტა „მანჩესტერში” არ დარჩეს, რადგან მისი აზრით გუნდი დაღმავლობის გზაზეა და დიდი შანსია მოსალოდნელი წარუმატებლობა მას დაბრალდეს.