„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდი მატჩისშემდგომ პენალტებში უფრო ძლიერია, ვიდრე ფეხბურთის თამაშში.

სულშერის ბიჭებმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასის მეთექვსმეტედფინალში, საკუთარ კედლებში, „ოლდ ტრეფორდზე”, პირველლიგელ „როჩდეილს” რეგულარულ დროში 1:1-ის მეტი ვერაფერი მოუხერხეს და პენალტებითღა აჯობეს. შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგა ინგლისის საფეხბურთო იერარქიაში მესამე დონეა პრემიერლიგის და ჩემპიონშიფის შემდეგ.

„ხშირად მოგვსვლია ასეთი რამ, 1:0-ს ვიგებდით და გვეგონა, რომ ამ უპირატესობას შევინარჩუნებდით, — თქვა სულშერმა, — ახლა უკვე ცხადია, რაზე უნდა გაამახვილონ ჩემმა ბიჭებმა ყურადღება. როდესაც გოლს გაიტანენ, მეორეც უნდა მიაყოლონ. „მანჩესტერ იუნაიტედი” ანგარიშის შენარჩუნებაზე ვერ ითამაშებს. უპირატესობის მოპოვება და მისი შენარჩუნება ის ფეხბურთი არ არის, რაც ჩვენ გვინდა.

მეორე მხრივ, ჩემი გუნდის თავდაჯერებით კმაყოფილი ვარ. ამ თვისების გამო ჩვენ პენალტებში უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე საკუთრივ თამაშში”.

წინ მერვედფინალია, სადაც „იუნაიტედს” ლონდონში „ჩელსისთან” მოუწევს შეხვედრა. ეს გუნდები მიმდინარე სეზონში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. პრემიერლიგის პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ოლდ ტრეფორდზე” „ლურჯებს” 4:0 მოუგო.

სულშერმა თქვა: „ჩვენ მათ სეზონის პირველ დღეს ვეთამაშეთ და შარშან, თასზეც შევხვდით. ეს მატჩი ბევრი მოგზაურობით დატვირთული რამდენიმე კვირის შემდეგ (29 ოქტომბერს) გვექნება და დარწმუნებული ვარ, მისგან მაქსიმუმს გამოვადნობთ. ასეთია ჩვენი კლუბის გამორჩეული თვისება, ასეთები არიან ჩვენი ფეხბურთელები”.

მანჩესტერელთაგან გოლი კვლავ 17 წლის მეისონ გრინვუდმა გაიტანა. მან ასტანაში, ევროლიგის შეხვედრაშიც შეაგდო.

„ის ორივე ფეხით შესანიშნავად თამაშობს. პენალტი მარჯვენათი დაარტყა. მის წინააღმდეგ საჯარიმო მოედანში ერთი ერთზე თამაში მცველებისთვის ალბათ ნამდვილი ჯოჯოხეთია.

ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ მას ორივე მხრიდან შეუძლია დასხლტომა. გრინვუდის თამაშს რომ უყურებ, ხვდები, რომ გამორჩეულ ფეხბურთელთან გაქვს საქმე. მას თავის წილ შეხვედრებს არ მოვაკლებთ. მეისონი ჯერ ახალგაზრდაა და ზრდის საშუალება უნდა მივცეთ”.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში გოლი „როჩდეილის” მხრიდანაც ყმაწვილკაცმა, 16 წლის ლუკ მეთესონმა გაიტანა. ბიჭი, რომელმაც გუშინ „მანჩესტერ იუნაიტედს” შეუგდო, დღეს სკოლაში უნდა მიბრუნებულიყო, გაკვეთილებზე.