ცოტა ხნის წინ გაცხადდა, რომ საფეხბურთო ზენიტში მყოფი „ლივერპული“ მსუყე კონტრაქტს გააფორმებდა „ნაიკთან“. ჩემპიონთა ლიგის და ევროპის სუპერთასის ტრიუმფით მომგები მერსისაიდული კლუბი ახლა ყველა სოლიდური ბრენდისთვის სასურველი პარტნიორია, მაგრამ რანდენიმე წლის წინ ასე არ იყო – „ლივერპული“ ამაოდ ცდილობდა ძველი დიდების დაბრუნებას და ამ მძიმედ სავალ გზაზე, მანამდე ერთგულმა „ადიდასმაც“ უგანა.
ამას მოჰყვა ნაკლებპრესტიჟულ „ვორიორთან“ 30 მილიონიანი კონტრაქტი. მერე კი  ლივერპულელთათვის ზეციურ საჩუქრად გამოჩნდა „ნიუ ბალანსთან“ გაფორმებული 45 მილიონიანი კონტრაქტი, სწორედ ამ ხელშეკრულებას გადის წლის ბოლოს ვადა და „ნაიკიც“ ამიტომ დაფაცურდა-ამერიკელებმა 80 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზეს ლივერპულელებს, პლუს ოცპროცენტიანი წილი მაისურების გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან, რაც მთლიანობაში ას მილიონ გირვანქაზე მეტ შემოსავალს მოუტანს ინგლისურ გრანდს.
ასეთი პირობები სავსებით მისაღებია „ლივერპულისთვის,“ მაგრამ, შესაძლოა, გარიგება მაინც არ შედგეს, რაკიღა „ნიუ ბალანსიც“ ცდილობს არ დაკარგოს მსუყე ლუკმა. მოქმედმა ტექნიკურმა სპონსორმა ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი აამოქმედა, რომლის თანახმადაც
თუკი „ნიუ ბალანსი“ კონკურენტის იდენტურ პირობებს გამოვა, „ლივერპულს“ არ აქვს სპონსორის შეცვლის უფლება.
მერსისაიდელთა სიმპათია საფეხბურთო სამყაროში უფრო სახელოვანი „ნაიკისკენ“ იხრება, თუმცა „ნიუ ბალანსი“ ასევე 80 მილიონს გამოდის. ბრიტანული ტაბლოიდები კი ვარაუდობენ რომ მხარეთა წარმომადგენლები მალე სასამართლოში გადაინაცვლებენ.