ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა. მოგეხსენებათ, საუკეთესო ქალ და ვაჟ ფეხბურთელს, ასევე საუკეთესო მწვრთნელებს ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, მედია და ფიფას საიტზე დარეგისტრირებული ქომაგები ირჩევენ. ისინი თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი 10 კანდიდატიდან სამ საუკეთესოს ირჩევენ. მერე ქულები ჯამდება და…
საქართველოდან, მოგეხსენებათ, ფიფას მედია პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ. საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ჩვენი სამეული ასეთი გახლდათ: აზარი, რონალდუ, კეინი. დანარჩენი მსოფლიო მედიის ხმების განაწილებისას კი აღმოჩნდა, რომ ფიფას გამოკითხვაში გამარჯვებულმა მესიმ ჟუნალისტებისგან სულ 43 ხმა მიიღო, უეფას ამასწინდელმა რჩეულმა, „ლივერპულის“ მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა – 71.
აი, სწორედ ეს 71 ხმა არის იმის წინაპირობა, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი სწორედ ჰოლანდიელი მცველი გახდება.
მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის“გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ – მედია ხომ ყველაზე კირკიტა ხალხის სამყაროა და რაგინდარა მწვრთნელზე ან კაპიტანზე არანაკლებ ადევნებს თვალს თითოეულ კანდიდატს. „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვა კი საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულად ითვლება.
გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ გასული წელი ლეო მესისთვის ნამდვილად არ იყო ფენომენალურული. შედეგი, ალბათ, მაინც ქარიზმამ განაპირობა. სხვათა შორის, მესიმ და რონალდუმ, როგორც ნაკრების კაპიტნებმა, რჩეულები მათაც დაასახელეს. მესიმ მეორე ნომრად რონალდუ დაასახელა. მისი რჩეული სადიო მანეა, მესამე კი ფრენკი დე იონგი. რონალდუს ლეო არც გახსენებია და საუკეთესოებად მატეის დე ლიხტი, მეორე ფრენკი დე იონგი და კილიენ მბაპე თქვა.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამეული ასეთი თანამიმდევრობით ჩამოწერა: ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე. ჯაბა კანკავას სამეული კი ასეთი გახლავთ: ვან დაიკი, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ…