43:14 – ეს ის ანგარიშია, რომელიც გვაიძულებს რეალობას თვალი გავუსწოროთ. სწორედ ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრები უელსმა და ამით დაიხურა კიდეც იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის თასის პირველი ტური.
ქართველებმა ცივი შხაპი თამაშის დებიუტშივე მიიღეს როცა მე-3 წუთზე ტურნირის უსწრაფესი ლელო გაუშვეს. ცენტრიდან დაწყებული იერიში „წითელმა დრაკონებმა“ ძალიან ენერგიულად განავითარეს და ქართველების დაცვის ხაზი ცენტრიდან გაარღვიეს. უელსმა უმარტივესი გარდასახვა გააცუდა, მაგრამ ეს დიდ ნუგეშად ნუ მოგვეჩვენება იმიტომ, რომ ამას მოყვა ქართველების მორიგი დაჯარიმება და იმ ჯარიმის სამ ქულად ქცევა. უელსის ნაკრებმა ცოტა ხანში კიდევ ერთხელ და კვლავ ცენტრიდან გაარღვია საქართველოს ნაკრების ხაზი და 15:0 დაწინაურდა. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი შეცდომა და კიდევ ერთი გაშვებული ლელო-გარდასახვა – 22:0.
ტაიმის მიწურულისკენ კი ბრიტანელებმა მეოთხე ლელოც გაიტანეს, რომელიც ასევე გარდასახეს და სამატჩო პროგრამა-მინიმუმიც და პროგრამა-მაქსიმუმიც შეასრულეს – 4 ლელოთი ბონუს-ქულა გამოიმუშავეს, ხოლო მატჩის გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად ყველასთვის ნათელი გახდა – 29:0.
შეხვედრის მეორე ტაიმის დებიუტში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თუ კი საწყისი 40 წუთი უელსელებმა ფაქტობრივად უკანმოუხედავ შეტევებში გაატარეს, აქ წინ უკვე ბორჯღალოსნები წავიდნენ. 43-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა ბურთი დერეფანში შეაგდო, კარგად შეკრულ მოლს მარცხნიდან შეუერთდა და ბურთიანად, მოლთან ერთად დაახლოებით 15 მეტრი იარა და როცა ლელოს ხაზამდე სულ ცოტა რჩებოდა, მას ვასილ ლობჟანიძე წაეხმარა, ვისმა ბიძგმაც მამუკაშვილს ბურთის ლელოში დამიწებაში დაეხმარა – 29:7, რადგან თედო აბჟანდაძემ უნაკლოდ გარდასახა.
თამაში იგივე სტილში გაგრძელდა, მილტონ ჰეიგმა შერკინების პირველი ხაზი სრულად გამოცვალა, მაგრამ ჯაბა ბრეგვაძემ უელსელთა საპასუხო შეტევისას მოლი ჩააქცია და 10 წუთით მოედანი დაატოვებინეს.
მიუხედავად ამისა, ჩვენებმა თავიც კარგად დაიცვეს და შეტევისთვისაც მოიცალეს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლევან ჩილაჩავა, რომელმაც რაქში უელსელებს ბურთი ორჯერ აართვა.
ჯაბას დაბრუნების შემდეგ ჩვენებს უელსელთა კონტრშეტევა გაეპარათ და კიდევ ერთი ლელო – 36:7. ამის მერე ბორჯღალოსნები სრული შემადგენლობით შეტევაზე გადავიდნენ და ერთერთ ეპიზოდში. „დრაკონებმა“ წესები ლელოდან 15-20 მეტრში დაარღვიეს, შეცვალაზე ახალშესულმა გელა აფრასიძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა, თუმცა მანამდე ორ მეტოქეს გასცდა და ასევე შეცვლაზე შესულ ოთია გიორგაძეს დაარტყმევინა. ბურთი ზედ ლელოს ხაზზე გაგვიჩერეს, მაგრამ ჩილაჩავამ აიტაცა და წინააღმდეგობის მიუხედავად ჩათვლის მოედანზე დაამიწა. 36:14 – ასეთი გახდა ანგარიში და ქართველთა შეტევების სიმძაფრემ არც ამის შემდეგ იკლო, პირიქით, თუმცა რამდენიმე წუთში უელსელებმა ჩვენი დაცვის კიდევ ერთი შეცდომით ისარგებლეს და მე-6 ლელო დაგვიდეს. ეს 69-ე წუთზე მოხდა, დარჩენილი დრო კი ჩვენმა ბიჭებმა შეტევებში გაატარეს, რომლებსაც შედეგი აღარ მოჰყოლია. სამწუხაროდ, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე უელსელებმა კვლავ დაგვსაჯეს შეცდომისთვის – 43:14.
ეს იყო და ეს. ახლა მთავარია დასვენება, შეცდომების გაანალიზება და ურუგვაისთან 29 სექტემბერს მაქსიმალური შედეგის დადება.