მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემის” ბიჭებს გამოუცხადა, დაამტკიცეთ, რომ შარშანდელზე უკეთესი გუნდი ხართო. შარშან, უფრო სწორად კი გასულ სეზონში „სფურზი” პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

ხუთი წელიწადია, რაც არგენტინელი მწვრთნელი ჩრდილო ლონდონში მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ არაფერი მოუგია, თუმცა მოგებას ვინ ჩივის, პოჩეტინოს ეჭვი აქვს, რომ ამ სეზონში მისმა გუნდმა შეიძლება წინაზე უარესი ფეხბურთი და შედეგი აჩვენოს.

მწვრთნელი, რომლის გუნდმაც ოთხშაბათს, ათენში, ჩემპიონთა ლიგაში, „ოლიმპიაკოსთან” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, ამბობს:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ახლანდელი გუნდი საუკეთესოა. მხოლოდ შედეგებს თუ გადავხედავთ და გავიხსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, იოლად დავასკვნით: მაშინ უკეთ ვთამაშობდით.

დანარჩენს მიმდინარე სეზონის ბოლოს ვნახავთ. თუ შარშანდელ მიღწევას გავიმეორებთ ან სულაც ჯილდოს მოვიგებთ, მაშინ დაბეჯითებით ვიტყვით, რომ ახალმა გუნდმა ძველს აჯობა”.

გასულ ზაფხულში „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ახალ ფეხბურთელებში 120 მილიონი გირვანქა გადაიხადა. „დეზებმა” შეიძინეს რაიან სესენიონი, ტანგუ ნდომბელე, ჯეკ კლარკი, კიონ იტეტი და ჯოვანი ლო სილსო, რომელთაგან რამდენიმე იჯარით არის აყვანილი, მაგრამ პოჩეტინოს ადრეც უთქვამს, რომ სატრანსფერო სეზონით უკმაყოფილოა. ჩამოთვლილი ფეხბურთელები მეტწილად დაუღვინებელი ყმაწვილები არიან.

„სფურზის” სეზონისთვის მზადებასა ნამდვილად არ ეხმარებოდა კრისტიან ერიკსენთან, ტობი ალდერვეირელდთან და იან ვერტონგენთან დაკავშირებული გაუგებრობები — მათზე ხან ამბობდნენ, სადღაც გადადიანო და ხანაც ეს ვითომცდა ტრანსფერი იშლებოდა. ერთი ფაქტია, რომ ამ სეზონის მიწურულს სამივეს გაუდის კონტრაქტის ვადა „დეზებთან”.

პოჩეტინომ, რომლის გუნდიც დღეს, საქართველოს დროით 15:30-ზე „ლესტერში” თამაშობს, ამასთან დაკავშირებით დასძინა:

„პირადი ამბებიც ყოველდღე იცვლებოდა. თუ ადამიანს იღბალმა ხელი არ შეგიწყო, პრობლემის წინაშე დგები და შემდეგ, შენს ახლობლებსა და გარშემო მყოფ ხალხზე მოქმედებ ცუდად. ეს ადამიანური მომენტია, ნორმალურია. ასეთია პირადი ამბები.

ინგლისი შეჯიბრებებით სავსე ქვეყანაა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ოთხ მათგანში ვმონაწილეობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ფეხბურთელს აქვს საშუალება ითამაშოს, იმავდროულად იძულებულია სულ ფორმაში იყოს და თავისი შესაძლებლობები გამოამჟღავნოს”.