ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი „სარბიელს“ ცოტა გაუნაწყენდა. არადა, სხვა კი არაფერი გვითქვამს – იქნებ არ განვადიდოთ ყველა მეტოქე და ბიჭებში ნურც არასრულფასოვნების კომპლექსს გავაღვივებთო.

ამის პასუხი სულ ბოლოს იყოს და იქამდე ერთ პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელსაც კარგი იქნება, თუ ბატონ ვლადიმირსაც უთარგმნიან:

ჟოელ მატიპი თავჩაქინდრული იჯდა „შალკეს“ 19-წლამდელთა ავტობუსში და იცოდა, რომ სასტარტოში ვერ მოხვდებოდა. ისედაც, 17-წლამდელებს გადაახტუნეს და უფროსების გუნდში აიყვანეს. მწვრთნელმა შენიშნა მისი განწყობა, გვერდში მიუჯდა და „ჭორაობა“ დაუწყო – ოჯახზე, ბავშვობაზე, მუსიკაზე… საუბარი ფეხბურთის კალაპოტში როცა გადავიდა ჟოელმა აღიარა, რომ დიდი მწვერვალების დაპყრობას არ გეგმავდა.

მანუელ ნოიერის, მესუთ იოზილის და სხვა ოსტატების აღმზრდელი ნორბერტ ელგერი მიხვდა, რომ ბიჭს თავდაჯერება აკლდა და მსგავსი „ჭორაობა“ ყოველდღიურობად აქცია. მწვრთნელმა ჟოელი ჯერ საყრდენად, მერე კი ფორვადად დააყენა. მანაც არ დააღალატა და სეზონის მეორე ნახევარში 10 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.

მეორე წრეში სასტარტოში 20-ჯერ გამოჩნდა და შეუცვლელ ფიგურად იქცა. იურგენ კლოპი ნორბერტ ელგერის გზას აგრძელებს და ფეხბურთელს მაქსიმალურად უმაღლებს თვითშეფასების ზღვარს.

იმის გათვალისწინებით, რომ „შალკედან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მატიპი ლივერპულელთა ჯეკ-პოტია. 85-მილიონიანი ვან დაიკის ფონზე გაბრწყინება არც ისე ადვილია.

იურგენ კლოპი: „მატიპი დიდებულია. დიდწილად მისი დამსახურებაცაა, რომ დღეს ვირჯილ ვან დაიკი „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი კანდიდატია”.

ზემოთ ფსიქოლოგიით დავიწყეთ. ფეხბურთი მხოლოდ სტანდარტულების დამუშავება და 2-3 მარტივი სქემის სწავლა არ არის…

სპორტს ფსიქოლოგიურად გამარჯვებულები უყვარს, რომლებიც დაჩაჩანაკებულ დანიასთან ფრეს შემდეგ საკუთარ მოედანზე ხვევნა-კოცნას არ გამართავენ.