ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა” ახალი სეზონი ცუდად დაიწყო — სტუმრად „ნაპოლისთან” წააგო 0:2. იტალიურმა გუნდმა ანგარიში პენალტით გახსნა და სწორედ ამ თერთმეტმეტრიანმა გააბრაზა მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი. გერმანელის რისხვის ობიექტი მისი თანამემამულე მსაჯი ფელიქს ბრიჩი გახდა.

ინტერნეტის ეპოქაში საფეხბურთო ეპიზოდის სიტყვებით აღწერა უმადური საქმეა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სადავო პენალტი უფრო ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ხოსე კალეხონმა შექმნა, ვიდრე ლივერპულელთა მცველმა ენდრიუ რობერტსონმა წესი დაარღვია. რობერტსონმა საჯარიმოში მეტოქისთვის ბურთის წასართმევად ფეხი გაწია, კალეხონმა კი ამით ისარგებლა და სანამ ფეხს წამოედებოდა, მანამდე დაიწყო ვარდნა.

კლოპმა ვიდეორეფერის ჩარევა და ეპიზოდის გარჩევა მოინდომა, მაგრამ ამაოდ.

„ბევრ რამეს ვიტყოდი, მაგრამ ის კაცი არ ვარ წაგების მერე რომ იწუწუნებს. იმასაც არ ვამბობ, რომ ჩემზე სასიამოვნო დამარცხებული ქვეყნად არ არსებობს, მაგრამ ცუდი დამარცხებულიც არ ვარ, — თქვა „ლივერპულის” თავკაცმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, —  დღეს, პენალტის შესახებ გადაწყვეტილება ვიდეორეფერიმ კი არა, მსაჯმა მიიღო. წესებში წერია, რომ გადახედვას მხოლოდ აშკარა შეცდომა ექვემდებარება, მაგრამ არ არის განმარტებული რას ეწოდება ეს აშკარა შეცდომა. ვფიქრობ, ვიდეოჩანაწერის დატრიალება მტყუან-მართალს გაარკვევდა, მაგრამ ტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვეს, გადაწყვეტილება ადამიანის შეხედულებაზე დატოვეს, ასეთ დროს კი შეცდომებისგან დაზღვეული არ ვართ.

რას ვიზამ, შედეგს უნდა შევეგუო. ჩვენ თვითკრიტიკული ხალხი ვართ, მაგრამ დღეს ცუდად არ გვითამაშია”.

E ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ზალცბურგმა” „გენკს” 6:2 მოუგო.