იანვრიდან, საჩოგბურთო კალენდარს რომ ვაჟთა შორის საკმაოდ საინტერესო და პრესტიჟული გუნდური ტურნირი ემატება, სამეფო სპორტის ქომაგებს „სარბიელიდან“ ეცოდინება.

სიდნეის საქვეყნოდ ცნობილ ოპერაში გამართულმა წილისყრამ კი იმ გუნდების ვინაობა გაარკვია, რომლებსაც საქართველო ნაკრები ახლადაარსებულ ATP CUP-ის ჯგუფურ ეტაპზე გაეჯიბრება.

ცერემონიალში მონაწილეობა ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელებმა კენ როზუელმა, ჯონ ნიუკომბმა, პატრიკ რაფტერმა და ლეიტონ ჰიუიტმა მიიღეს. ქართველი ჩოგბურთელები B ჯგუფში მოხვდნენ და თამაში ესპანეთთან, იაპონიასთან და კიდევ ერთ ნაკრებთან მოუწევთ, რომლის ვინაობაც ნოემბერში დადგინდება.

შეგახსენებთ, რომ ახალ საჩოგბურთო ტურნირს 2020 წლის იანვარში ავსტრალიის სამი ქალაქი – ბრისბენი, პერჩი და სიდნეი პირველად უმასპინძლებს. მასში 24 მოწინავე საჩოგბურთო ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 19 უკვე ცნობილია. საინტერესოა, რომ ნიკ კირიოსის და თანასი კოკინაკისის ავსტრალიას საგზური ე.წ. „უაილდ ქარდით“ ერგო. ამის ფონზე კი უდავოდ აღსანიშნია, რომ საქართველო ელიტაში პირდაპირ მოხვდა. ტურნირზე, კიდევ ხუთი გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა და ჯგუფებიც საბოლოო სახეს მაშინ მიიღებს.

წილისყრის შედეგად, 24 ნაკრები ექვს 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდა. თითო ქალაქში 2 ჯგუფის თამაშები გაიმართება. ფინალს კი, სადაც 8 ნაკრები მოხვდება – ჯგუფების გამარჯვებულები და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი – სიდნეი უმასპინძლებს.

ფორმატი ასეთია – მატჩი შედგება 3 შეხვედრისგან, 2 ერთეულთა და 1 წყვილთა თანრიგში.

საერთო ჯამში, ATP CUP-ის თასზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 ქულა დააგროვოს. ამასთან, მონაწილეები 22 მილიონ ავსტრალიურ დოლარსაც გაინაწილებენ.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები მატჩებს პერჩში ჩაატარებს. ნიკოლოზ ბასილაშვილს და ალექსანდრე მეტრეველს სასტარტო შეხვედრა 4 იანვარს ესპანეთთან ელით. პირენეელებს, განაცხადში რაფაელ ნადალი და რობერტო ბაუტისტა აგუტი ჰყავთ.

შობის წინა დღით, 6 იანვარს, ქართველ მეჩოგნეებს ბრძოლა იაპონელებთან მოუწევთ. რასაკვირველია იოლი არც კეი ნიშიკორისთან და იოშიჰიტო ნიშიოკასთან თამაში იქნება. 8 იანვარს კი, ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობ გუნდთან ჯგუფის დასკვნითი დაპირისპირება გაიმართება.

წილისყრის შედეგად, ATP CUP-ის 6 ჯგუფში გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

A ჯგუფი: სერბეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, გაირკვევა ნოემბერში
B ჯგუფი: ესპანეთი, იაპონია, საქართველო, გაირკვევა ნოემბერში
C ჯგუფი: შვეიცარია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გაირკვევა ნოემბერში
D ჯგუფი: რუსეთი, იტალია, აშშ, გაირკვევა ნოემბერში
E ჯგუფი: ავსტრია, ხორვატია, არგენტინა, გაირკვევა ნოემბერში
F ჯგუფი: გერმანია, საბერძნეთი, კანადა, ავსტრალია