ხვალ, ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენი” „რეალს” უმასპინძლებს და „მარკამ” ანხელ დი მარიასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა. დი მარია მოგეხსენებათ არგენტინელი ვარსკვლავია, რომელიც რამდენიმე წელი „რეალის” ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო. შემდეგ ფეხბურთელს კლუბთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ის 2014 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში” გაყიდეს, საიდანაც „პარი სენ ჟერმენში” ამოჰყო თავი და თუკი ოთხშაბათს მოედანზე იქნება, თავის ყოფილ საყვარელ-საძულველ გუნდს დაუპირისპირდება.
ამბავი, რომელიც „მარკამ” მოყვა სწორედ 2014 წელთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, იმ წელიწადს ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა.
თურმე, „რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ჯერ კიდევ მუნდიალამდე მოუვიდა თვალში კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი და ძალიან უნდოდა მისი ყიდვა. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ხამესმა შესანიშნავად ითამაშა და პერესს მისი შეძენის სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა, მაგრამ დადგა საკითხი, ვინ უნდა გაეშვათ გუნდიდან? ვის უნდა გაეთავისუფლებინა ადგილი კოლუმბიელისთვის? „რეალის” პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს დი მარია უნდა ყოფილიყო.
ახლა შეგახსენებთ, რომ იმ მუნდიალზე არგენტინის ნაკრები ფინალში გავიდა. დი მარიამ მეოთხედფინალში, ბელგიელებთან, კუნთი იტკინა და მას მერე გამაყუჩებლებით თამაშობდა, მაგრამ „ალბისელესტეს” სახელით დიდი ჯილდოს მოგება იმდენად უნდოდა, რომ ტკივილს ებრძოდა, ითმენდა და ძლევდა.
დადგა ფინალის წინა დღე. არგენტინის ნაკრებისთვის ეს გახლდათ პირველი ფინალი 1990 წლის შემდეგ. ცნობისათვის: 90-ში ანხელ დი მარია ორი წლის იყო.
და აი, ფინალის წინ არგენტინის ნაკრების შტაბში „რეალიდან” წერილი მიდის — ფლორენტინო პერესი ექიმებს თხოვს მისი კლუბის ფეხბურთელი დი მარია გადამწყვეტ შეხვედრაში სათამაშოდ მოედანზე არ გაუშვან, რადგან დაშავებულია.
დრო რომ გავიდა თავად დი მარია ამ ამბავს ასე ყვებოდა: „მყისვე მივხვდი რაშიც იყო საქმე. ყველას გაგონილი ჰქონდა, რომ „რეალი” მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ხამესის ყიდვას აპირებდა, მე კი ვიცოდი, რომ მისთვის შემადგენლობაში ადგილი ჩემი გაშვებით უნდა გაეთავისუფლებინათ. შესაბამისად, „რეალს” უნდოდა, რომ გაყიდვის წინ ჯანმრთელი ვყოფილიყავი. ეს ხომ მარტივი მისახვედრი იყო. ასეთია საფეხბურთო ბიზნესი და ეს ხალხი ასე უყურებს ყველაფერს.
ჩვენს ექიმებს ვთხოვე წერილი მოეცათ. რომ მომცეს დავანაკუწე და გადავყარე”.
საინტერესოა, რომ ეს ამბავი იმ 2014 წელს მოხდა, როდესაც „რეალმა” მეათედ მოიგო ჩემპიონთა თასი (ლიგა) და ლისაბონში, „ატლეტიკოსთან” ფინალის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ დი მარია დაასახელეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს „რეალმა” გარეთ ბეილი იყიდა. ამ შენაძენს დი მარიას როლი გუნდში თითქოს უნდა დაეკნინებინა, მაგრამ მაშინ კარლო ანჩელოტიმ ნახევარდაცვა ეგრეთწოდებულ ბრილიანტის სქემაზე გადაიყვანა და არგენტინელს ფუნქცია შეუნარჩუნა.