ინგლისში კვლავ ვიდეორეფერის სისტემაზე მსჯელობენ. მსაჯების შეფმა მაიკ რაილიმ ლონდონში პრეზენტაცია მოაწყო, სადაც კლუბების ხელმძღვანელებიც დაიბარა და VAR-ზე ელაპარაკა. მან თქვა, რომ მას მერე, რაც ინგლისში ახალი ტექნოლოგია დაინერგა, ვიდეომსაჯებმა 40 შეხვედრის 227 ეპიზოდი განიხილეს და რეფერის 6 გადაწყვეტილება შეცვალეს. შეეძლოთ კიდევ 4 შეეცვალათ.

ამასობაში კი პრემიერლიგაში VAR-ს პირველი მწვრთნელი ემსხვერპლა — „უოტფორდის” ხავი გარსია. ესპანელის ხელმძღვანელობით გუნდმა 4 ტურში ერთი თამაშიც ვერ მოიგო და გაუშვეს, ხუთი დღის შემდეგ კი ზემოთ ნახსენებ პრეზენტაციაზე თქვეს, რომ „ნიუკასლთან” შეხვედრაში ვიდეოარბიტრი კომპეტენტურად რომ ჩარეულიყო, „უოტფორდი” მოიგებდა. ანუ, „ნიუკასლმა” ანგარიში წესების დარღვევით გაათანაბრა — საგოლე პასის შემსრულებელმა ბურთი ხელით გაისწორა.

ინგლისურმა პრესამ შეადგინა პრემიერლიგის ცხრილი, სადაც გაითვალისწინა VAR-ის ყველა შეცდომა. „სამართლიან ცხრილში” რეალურთან შედარებით გუნდები სხვანაირად არიან დაჯგუფებულები. „უოტფორდი” ბოლოზე კი არა,  ბოლოსწინაზეა, ხოლო „ნიუკასლი” მე-14 ადგილიდან მეთვრამეტეზეა დაქვეითებული.

როგორც ხედავთ, „უოტფორდი” შორს მაინც ვერ წავიდოდა, მაგრამ გარსიას ვეღარავინ ეტყოდა თამაში არ მოგიგიაო.

კიდევ, მაიკ რაილიმ თქვა, რომ ვიდეორეფერის „ლესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველის, იური ტილემანსის გაძევება მართებდა. მან „ბორნმუთის” თავდამსხმელის კალუმ უილსონის წინააღმდეგ იუხეშა, რაც მსაჯს შეუმჩნეველი დარჩა.

„მანჩესტერ სიტისა” და „ვესტ ჰემის” სასარგებლოდ არ დაინიშნა უდავო პენალტები…

ყველაზე საინტერესო კი ალბათ მაინც ის იყო, რომ პრეზენტაციაზე რაილის გამოსვლამ ინგლისელთა ტენდენცია გამოაჩინა. მსაჯთა შეფმა თქვა, რომ ზოგადად დარღვევა ნაირგვარია და VAR-ს სხვადასხვა ამოცანის გადაჭრა შეუძლია, მაგრამ მათ (ინგლისელ არბიტრებს) ყველაზე მეტად საჯარიმო მოედნის ამბები აინტერესებთ, ხოლო დანარჩენ ფართობზე ჩარევას დიდად არც მიესალმებიან, რადგან ის თამაშის დაყოვნებას იწვევს.

და კიდევ, VAR-მა უნდა მიაქციოს ყურადღება ისეთ უხეშობას, რომლებიც ბურთისგან მოშორებით ხდება და მსაჯმა შეიძლება ვერ შენიშნოს.