ისე გამოვიდა, შუაგულ აზიაში, საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებში ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. პირველ ნახევარფინალში ესპანელთა მოხვედრა არავის გაჰკვირვებია, მაგრამ კერკეტ ავსტრალიელებს ამ ეტაპზე არავინ ელოდა, თუმცა ისე მოხდა, ნახევარფინალი კი არა, ავსტრალიელები ფინალთან ერთი ზუსტი ტყორცნის მანძილზე აღმოჩნდნენ.

ესპანეთმა ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგო (22:21, 10:16, 19:18, 20:16), მაგრამ აშკარად ჩაგდებული მეორე მეოთხედი ოვერტაიმად დაუჯდა. გუნდებმა მჯობნის მჯობნი ვერც დამატებულ ხუთწუთეულში გამოავლინეს (9:9) და მეორე ოვერტაიმი გახდა საჭირო. აქ უკვე ევროპელებმა იძალეს (15:8) და ფინალის საგზურიც გაიფორმეს – 95:88.

ვინ ულიდერებდა ესპანეთს, თუ არა მარკ  გაზოლი. მან 33 ქულა მიითვალა და ორივე გუნდში საუკეთესო იყო. დიდებული იყო რიკი რუბიოც 19 ქულით, 7 მოხსნით და 12 შედეგიანი გადაცემით. ასეთი თამაშით ესპანეთი ფინალშიც ფავორიტი იქნება.

მეორე ნახევარფინალის ნომინალური ფავორიტი აშშ-ის შემარცხვენელი საფრანგეთი იყო, რომელიც მისავე ლიდერებმა დააღალატეს. დე კოლო (11 ქულა) და გობერი (3 ქულა, 11 მოხსნა) გამოწურულ ლიმონს ჰგავდნენ. არგენტინელებს კი წუთითაც არ გაუშვიათ ხელიდან დასაწყისშივე მოპოვებული უპირატესობა და ოთხივე მეოთხედთან ერთად შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგეს – 80:66 (21:18, 18:14, 21:16, 20:18).

ფრანგემა აქცენტი სამქულიან ტყორცნებზე გააკეთეს, მაგრამ საშინელი პროცენტი ჰქონდათ, ისევე როგორც საჯარიმოების რეალიზებისას. არგენტინელები ფინალში გასვლას შეუდარებელ ლუის სკოლას უნდა უმადლოდნენ, რომელმაც 28 ქულას 13 მოხსნაც წაუმატა.

მაშ ასე, ნახევარსფეროთა ჯახი ფინალში გაგრძელდება: ესპანეთი – არგენტინა.