კარიერის უდიდეს წარმატებას მათ ერთად მიაღწიეს — მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში პერ მერტესაკერმა მესუთ იოზილი შეცვალა. ცენტრალური მცველი და ნახევარმცველი „არსენალშიც” ერთად გამოდიოდნენ — ჩრდილოეთ ლონდონში ხუთი სეზონის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. ისინი ორი წელიწადი ერთად ბურთაობდნენ „ვერდერშიც”, მაგრამ 2018 წელს მერტესაკერმა თამაშს თავი დაანება და… ახლა გამოტყდა, რომ იოზილი ნერვებს უშლიდა.
„გარდიანთან” საუბრისას მერტესაკერმა, რომელმაც ინგლისურად ავტობიოგრაფიული წიგნი („დიდი მეგობრული გერმანელი”) დაწერა, თქვა: „იოზილს ფეხბურთის თამაში უყვარს. ყოველ ვარჯიშზე ხედავ, რომ ბურთთან ურთიერთობაში ნამდვილი გენიოსია. პასს რომ მიიღებს, ბედნიერია. ჰგონია, რომ პარკში ერთობა. ამაში ნამდვილად უბადლოა, მაგრამ სამწუხაროდ არ განეკუთვნება იმ ხალხს, ვინც სხვებს აიყოლიებს, მოუწოდებს რა და როგორ უნდა გააკეთონ.
ერთხელ, ველაპარაკე. ვუთხარი, რომ გუნდში სულ სხვა დამოკიდებულება გვჭირდებოდა. მეგონა გამოვაფხიზლებდი, მაგრამ როგორც შევატყვე ჩემი სიტყვები გაიგო, როგორც „ყოჩაღ, ჩემო კარგო. ყველაფერს კარგად აკეთებ. მიდი, ასე გააგრძელე”.
გავცეცხლდი. რამდენიმე კვირა გაბრაზებული დავდიოდი, მაგრამ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ მის გასაღებს ვფლობდი. ვიცოდი, როგორ მემოქმედა იოზილზე, ოღონდ ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა. ადამიანს ახალი სიმაღლეების დაპყრობა თავად უნდა უნდოდეს და ინიციატივა მისგან უნდა მოდიოდეს”.
მერტესაკერმა მესუთ იოზილის გარდა არსენ ვენგერზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელის „ემირეით სტედიუმიდან” გაშვებაში თვითონაც გრძნობს თავს დამნაშავედ.
„პასუხისმგებლობას რასაკვირველია ვგრძნობ, რადგან გუნდი წარმატებას რომ ვერ აღწევს, ფეხბურთელების ბრალიცაა. არადა, ცხადი იყო, რომ საბოლოოდ ჯოხს ვენგერზე გადატეხდნენ და სამსახურიდან მას გააგდებდნენ”, — თქვა მერტესაკერმა.