აგერ უკვე 13 წელია, აშშ-ის ნაკრებს შეხვედრა არ წაეგო. ბოლოს მათი ძლევა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბერძნებმა (101:96) შეძლეს.
იანკები ჩინეთშიც ფავორიტის რანგში ჩავიდნენ, მაგრამ არა თუ „დრიმ თიმი“, საერთოდ გუნდი ვერ ჩაიყვანეს. ეს იყო საშუალოზე უკეთესი კალათბურთელების კრებული, რომლის მაქსიმუმიც მეოთხედფინალში გასვლა აღმოჩნდა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ „ფრენის“ განწყობაზე იყვნენ ფრანგთა ლიდერები.
ორლანდოელმა ევან ფურნიემ მეტოქეს 22 ქულა უთავაზა. „იუტას“ ცენტრმა რუდი გობერმა 21 ქულა ხომ მიითვალა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი 16-ჯერ მოხსნა. ამათ 18 ქულით ნანდო დე კოლოც შეეწია და შეხვედრის ბედიც გადაწყდა.
ფრანგებმა აბსოლუტურად ყველა სტატისტიკური მონაცემით დაჩაგრეს ამერიკელები, ბოლო მეოთხედში ხუთქულიანი ჩამორჩენა ბოლოს ათქულიან უპირატესობად აქციეს და საფინალო სირენამ ტაბლოზე 89:79 დააფიქსირა.
კიდევ ერთ მეოთხედფინალში ჩეხეთი კარგად დაუდგა ავსტრალიას და პირველი ნახევრის შემდეგ მხოლოდ სამ ქულას აგებდა, მაგრამ ავსტრალიელებმა მესამე მეოთხედი 12 ქულით (30:18) მოიგეს, დასკვნით ათწუთეულში კი მეტოქე ახლოს აღარ გაიკარეს. ნამატჩევსაც ტაბლოზე სწორედ ეს 12-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 82:70.
ავსტრალიელებს „სან-ანტონიოს“ გამთამაშებელმა პატრიკ მილსმა ულიდერა (24 ქულა და 6 პასი), მისი ჩეხი ვიზავის, ჩიკაგოელი ტომაშ სატორანსკის დიდებული თამაში კი (13 ქულა, 9 მოხსნა, 13 პასი) უნაყოფო აღმოჩნდა.