ლეგენდარული მიხაელ შუმახერი პარიზში გადაიყვანეს. ეს ორშაბათს შუადღისას, სრულიად საიდუმლოდ მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში ის ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში მოათავსეს.

„ლე პარიზიენის” ინფორმაციით „ფერარის” ყოფილი პილოტის მკურნალობა მაქსიმალურად საიდუმლოდ წარიმართება.

უბედური შემთხვევის შემდეგ შუმახერის მდგომარეობის შესახებ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დუმილს ამჯობინებენ. ფრანგულმა გამოცემამ კი დაწერა, რომ პარიზში მის მკურნალობას ექიმი ფილიპ მენაში უხელმძღვანელებს.

შუმახერის მიღება თავად საავადმყოფომ არც დაადასტურა და არც უარყო.

„ლე პარიზიენი” წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მიხაელ შუმახერი ჟორჟ პომპიდუს საავადმყოფოში მოჰყავთ. გასულ გაზაფხულს ის ვერტმფრენით ორჯერ გადაუყვანიათ პარიზში, თუმცა პროფესორი მენაში მის მკურნალობას აქამდეც ედგა სათავეში თუ ახლაღა მოჰკიდებს საქმეს ხელს, ცნობილი არ არის.