საქართველოს ნაკრები უკვე იაპონიაშია და მსოფლიო თასისთვის ემზადება. ამომავალი მზის ქვეყანაში გამგზავრებამდე გუნდს მამუკა გორგოძეც შეუერთდა, ვინც წინა დღეს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისმა „ტულონმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და 6:20 დამარცხდა. საინტერესოა, რომ გორგოძე მოედანზე 56-ე წუთამდე იყო და როცა ის მინდვრიდან გავიდა ტულონელები 6:3 იგებდნენ. ამ მარცხმა „ტულონი“ ცხრილის მე-11 საფეხურამდე ჩამოაქვეითა, ხოლო „ლიონი“ ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
მეორე ადგილზე კი „ბორდოა“, რომელმაც „კასტრი“ გასვლაზე 34:32 დაამარცხა და მეორე ტაიმში მის შემადგენლობაში ქართველი ბურჯები ირჯებოდნენ – ლექსო ყაულაშვილი და მილტონ ჰეიგის მიერ დაწუნებული ლაშა ტაბიძე.
„რასინგმა“ გასვლაზე მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ 17:20 წააგო და პარიზელთა სასტარტოში ქართველი იყო – ვასილ კაკოვინი, ვინც მეორე ტაიმის დასაწყისში გამოცვალეს. „აჟენმაც“ გასვლაზე წააგო და მის სასტარტო თხუთმეტეულშიც ქართველი ბურჯი იყო, თანაც ორი. გიორგი თეთრაშვილმა 52 წუთი ითამაშა, ხოლო ანტონ ფეიქრიშვილმა – 32, მათი გუნდი კი ცხრილის მე-12 ადგილზეა.
პრო D2-ის გასული ტური კი უფრო ნაყოფიერი გამოდგა ქართული ლეგიონისთვის. ფრანგული სარაგბო ელიტის მეორე დივიზიონში „ანგულემი“ გალიდერდა, რომელსაც ეს პირველობა ლუკა გოგინავამ მოუტანა. „რასინგის“ ყოფილმა ესპუარმა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა „რუანთან“ საშინაო მატჩის 65-ე წუთზე თამაშში ჩართვა 74-ეზე გამარჯვების ლელოთი აღნიშნა. მისი გუნდი იმ მომენტისთვის 10:16 აგებდა და ქართველის ლელომ „ანგულემს“ სულზე მიუსწრო – 17:16.
მეორეზეა „ოიონა“, რომელმაც „ვანთან“ გასვლაზე 18:22 წააგო. მასპინძელთა შორის 47-ე წუთიდან ბოლომდე კიდევ ერთმა ყოფილმა 20-წლამდელმა ნიკა ნეფარიძემ ითამაშა, ხოლო სტუმრებში პირველიდან 67-ე წუთამდე ექს-ბორჯღალოსანი ირაკლი მირცხულავა ბურთაობდა.
ასევე 1 საათზე მეტი დრო, 62 წუთი ილია კაიკაციშვილმა ითამაშა, ვისმა „ნევერმაც“ „ბიარიცს“ უმასპინძლა და 33:26 დაამარცხა და ამ უკანასკნელის რიგებში 34-ე წუთზე 20 წლის გიორგი ნუცუბიძე გამოჩნდა, რომელიც 22 წუთში რეზერვში დააბრუნეს.
„გრენობლმა“ გასვლაზე „ექსი“ 26:17 დაამარცხა, თან 10 წუთი დუდუ ქუბრიაშვილის სინბინის გამო კაცნაკლულმა ჩაატარა. ვეტერანი ქართველი 49-ზე გაასინბინეს, 10 წუთში მინდორზე აღარ დააბრუნეს, მაგრამ 62-ეზე ისევ მინდორზე უხმეს და თამაშის ბოლომდე აღარც დაუსვენებიათ.
მრავალქართველიანმა „ორიაკმა“ შინ „ბეზიესთან“ 20:24 წააგო, თუმცა მასპინძელთა 14 ქართველიდან მინდორზე მხოლოდ ერთი გავიდა – 62-ე წუთზე თამაშში გიორგი ქართველიშვილი ჩაერთო, ხოლო „ბეზიეში“ ფრანგული დებიუტი ქუთაისელ ბურჯ ჟორჟი სალდაძეს ქონდა, ვინც თამაშში 56-ეზე ჩაერთო და შერკინებაში ბოლო 18 წუთი ქართველიშვილის პირისპირ იდგა.
ლიგის დებიუტანტმა „ვალანს-რომანმა“ „მონტობანთან“ შინ 19:26 წააგო და ცხრილის ფსკერზე დარჩა. მასპინძელთა სასტარტოში მირიან ბურდული იყო, რომელიც 37-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 69-ეზე დააბრუნეს და ბოლომდე ათამაშეს.