ვისაც ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის ფინალი არ უნახავს, არ იცის, რა არის ნამდვილი საჩოგბურთო დრამა. ეგებ ტრაგედიაც, რადგან 37 წლის სერენა უილიამსი ერთ ნაბიჯში იყო მიზანთან, რომელსაც არ მალავდა – 24-ე სლემტიტულით სერენა ლეგენდარულ მარგარეტ კორტს გაუთანაბრდებოდა.
ახლა კი ვინ იცის, კიდევ როდის ან საერთოდ მიეცემა თუ არა ასეთი შანსი. ჩოგბურთში ახალი, სპორტულად თავხედი გოგონების ეპოქა დადგა, ავტორიტეტებს რომ არას დაგიდევენ. სერენას მეტოქეც ამ „თავხედთაგანი“ გამოდგა.
ბიანკა ანდრეესკუმ რეიტინგის ასეულში წელს შეაბიჯა, უკვე მარტში კი ინდიან-უელსში დაიქუხა. აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტობა და რეიტინგში მერვე საფეხურის დაბევება თითქოს იმხელა ბონუსია, ნებისმიერ 19 წლის გოგოს თავბრუს რომ დაახვევს.
განსაკუთრებით მაშინ, როცა მის წინაშე ნამდვილი საჩოგბურთო მონსტრი დგას. არა ბიანკას შემთხვევაში… მეორე სეტის ექვსი გეიმის შემდეგ კანადელი 6:3, 5:1 იგებდა, როცა სერენამ ინტრიგა მოაცოცხლა და გაუთანაბრა, მაგრამ ანდრეესკუმ, ისევე როგორც პირველ სეტს, შეხვედრასაც ბრეიკით დაუსვა წერტილი – 6:3, 7:5.
გულდაწყვეტილი ტოვებდა ტრიბუნას ბრიტანეთის პრინცესა მეგან მარკლი, რომელმაც სერენას ფანია და შეხვედრას ახლობლების და თავად ჩოგბურთელის შტაბის წევრების გარემოცვაში ადევნა თვალი.
საჩოგბურთო სამყაროს ახალი გმირი ჰყავს. უახლოეს რეიტინგში ბიანკა ანდრეესკუ რეიტინგის მეხუთე საფეხურს დაიკავებს. დიდი შანსია, მან წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზურიც კი მიიღოს.
კიდევ ერთი, ვინც სხვებზე მეტად იხეირა, ავსტრალიელი ეშლი ბარტია. მართალია, თავად მერვედფინალში დამარცხდა, მაგრამ ქულები არ დაუკარგავს. სხვათა დანაკარგების წყალობით კი 23 წლის ეშლი ბარტი ქალთა რეიტიგს კენწეროში მოექცა.