6 სექტემბერს, 22:30-ზე ედინბურგის „მარიფილდზე“ დაიწყება ტესტ-მატჩი შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შორის. მილტონ ჰეიგმა დაასახელა 23-კაციანი რაზმი, რომელიც ამ შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს.

წინა შაბათის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით სამი სიახლეა: მესამე ხაზში ოთია გიორგაძის ადგილს შალვა სუთიაშვილი დაიკავებს, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე დადგება; მესამე ხაზში მეორე ფლანკერად სასტარტოში კოკი თხილაიშვილი გამწესდება, ხოლო ბექა საღინაძე მარქაფაში იქნება; განაცხადში არც გარემარბი სანდრო თოდუაა და მის ადგილს ზურაბ ძნელაძე დაიკავებს, ხოლო ზურას ნაცვლად შუამარბად ლაშა მალაღურაძე ითამაშებს.

სიახლეა ისიც, რომ განაცხადშია უკანახაზელი გიორგი კვესელაძე, ვინც მცირე ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა.

9 და 10 ნომრები კი ლობჟანიძე-აბჟანდაძე იქნებიან. საინტერესოა, რომ შოტლანდიელთა დამრიგებელმა გრეგ თაუნსენდმა თავისი ღერძის დასვენება გადაწყვიტა, ანუ გრეიგ ლეინდლოუ და ფინ რასელი „მარიფილდზე“ ჩვენ აღარ შეგვაწუხებენ – „დინამო არენაზე“ 10:44-ის მთავარი არქიტექტორები და სულისჩამდგმელები ხომ სწორედ თანამედროვე რაგბის ეს სუპერვარსკვლავები იყვნენ…

ჩვენდასანუგეშოდ და საიმედოდ მამუკა გორგოძე შევიგულოთ. 35 წლის ლეგენდა ჩვენს ნაკრებს 8 სექტემბერს ლონდონის აეროპორტში შეხვდება და ბორჯღალოსნები უკვე სრული შემადგენლობით იაპონიისკენ აიღებენ გეზს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში

  1. სოსო მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა

  1. ვანო კარკაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი კვესელაძე.