სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ეს საინტერესო ისტორიაც. 19 წლის რონალდოს პსვ ეინდჰოვენიდან უკვე ყველა იცნობდა და მაისურზეც რონალდო ეწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ამ სახელის მატარებელი ერთადერთი ფეხბურთელი არ იყო ბრაზილიის ნაკრებში.
რონალდო გუიარო ბრაზილიელთა მცველი იყო „ატლეტიკო მინეიროდან“ და კიჭაზე სამი წლით უფროსი გახლდათ. ბრაზილიაში განუხრელად მოქმედებს უფროსების პატივისცემის კანონი და ლუის ნაზარიო დე ლიმას (კიჭას) ზურგზე რონალდინიო მიაწერეს, რაც „პატარა რონალდოს“ ნიშნავს.
ბრაზილიამ იმ ტურნირის ნახევარფინალი სენსაციურად დათმო (3:4) გენიალურად მოთამაშე ნვანკვო კანუს ნიგერიასთან. კანუმ გადამწყვეტი გოლი 94-ე წუთზე გაიტანა. მერე ნიგერიამ ფინალში არგენტინა დაამარცხა. ატლანტაში რონალდინიოდ გადანათლულმა რონალდომ 5 გოლი გაიტანა და მხოლოდ ბებეტოს და ერნან კრესპოს ჩამორჩა, რომლებმაც 6-6 გაიტანეს.
გამორჩეული საფეხბურთო ტურნირი გამოდგა თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში…
1999 წელს მისთვის ტრიუმფალურ „კოპა ამერიკაზე“ ბრაზილიის ნაკრები ისევ ორი რონალდოთი ჩავიდა, მაგრამ ამჯერად კიჭა აღმოჩნდა უფროსი და რონალდინიოდ რონალდუ დი ასის მორეირა მონათლეს. დიახ, სწორედ ის რონალდინიო, ვინაც შემდეგ მთელი კარიერა ამ სახელით იბურთავა და „კოპა ამერიკის“ შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ლიბერტადორესის თასიც მოიგო და ამის საფასურად ოქროს ბურთიც დაიმსახურა.