ვიდრე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაშს განაახლებდეს, საქართველოს ნაკრები სტამბოლში, ამხანაგურად სამხრეთ კორეას გაეჯიბრება. მატჩი ბასაქშეჰირის სტადიონზე შედგება.
კორეა გამოცდილ მეტოქა, რომელსაც მსოფლიოს ბოლო ცხრა ჩემპიონატი არ გამოუტოვებია, 2004 წელს კი მეოთხე ადგილამდეც მივიდა.
სამხრეთ კორეა აზიის თასის ორგზის ჩემპიონია, მათ ტურნირის საწყისი გათამაშებები მოიგეს (1956, 1960).
რუსულ მონდიალზე კორეას ჯგუფური ეტაპის ბარიერი არ დაუძლევია, თუმცა თავი მოქმედი ჩემპიონის გერმანიის ნაკრების ძლევით (2:0) და ჯგუფში ჩატოვებით დაგვამახსოვრა.
აზიის თასზე, რომელიც წელს იანვარში გაიმართა, კორეამ მეოთხედფინალამდე მიაღწია, იქ კი მომავალ ჩემპიონ და 2022 წლის მსოფლიო თასის მასპინძელ ყატართან (0:1) წააგო.
ყატართან ხსენებული მარცხის გარდა, კორეას ბოლო 17 მატჩში მარცხი არ აქვს. მართალია, აქედან 14 შეხვედრა ამხანაგური გახლდათ, თუმც სამხრეთელებმა ისეთ მეტოქეებს მოუგეს, როგორებიც მსოფლიო პირველობაზე რეგულარულად გამომსვლელი კოლუმბია, ავსტრალია და ურუგვაია. სამხრეთ კორეამ ირანსა და ჩილესთან ფრე გაახერხა, კოსტა რიკას, პანამას და ჩინეთს კი სძლია.
ჩვენებს, თუ არ ჩავთვლით გიბრალტართან 3:0 გამარჯვებას, ერთა ლიგის მოგების მერე ხეირი არ უნახავთ – მარცხი შვეიცარიასთან, დანიასთან და ირლანდიის ნაკრებთან.
ვინ გააჩერებს სონს?
რა თქმა უნდა, მთავარ საფრთხეს საქართველოს ნაკრებისათვის ტოტენჰემელი სონ ჰიუ-მინი წარმოადგენს. კორეელთა კაპიტანს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა – გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა და 20 გოლი გაიტანა შეაგდო. სონი ჰარი კეინთან ერთად და მის ფონზეც კი გუნდის ერთერთ ლიდერად ითვლება. მაურიციო პოჩეტინოს ხელმძღვანელობით 27 წლის ფეხბურთელმა 190 შეხვედრაში ითამაშა, 67 გოლი გაიტანა და 37 საგოლე პასი მიითვალა.
სანაკრებო მატჩებს ქართველი ფეხბურთელები მეტ-ნაკლებად სტაბილურად ხვდებიან, თუმცა გამორჩეულად კარგ ფორმაში სამია. იშვიათად, რომ ქართველ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში არ გამოძახება ისე მოხდენოდეს, როგორც ვაკო ყაზაიშვილს. 26 წლის შემტევმა ივნისში განაცხადს მიღმა დარჩენის შემდეგ, MLS-ში აიწყვიტა. მას ამ სეზონში უკვე 11 გოლი და სამი საგოლე პასი აქვს.
ივლისის დასაწყისში, ვარშავის „ლეგიას“ ქომაგები ქართველი ფეხბურთელის შეძენას კრიტიკით შეხვდნენ, თუმცა ორ თვეში ვაკო გვილია პოლონეთის ტიტულოვანი კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ის, რომ გუნდმა ევროპის ლიგის ფლეი-ოფში მიაღწია და ჩემპიონატშიც ლიდერთა შორისაა მეტწილად სწორედ გვილიას დამსახურებაა. ვაკომ უკვე მოასწრო 14 მატჩის ჩატარება, 2 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება.
საბა ლობჟანიძე დანიის ჩემპიონატში სტაბილურად გამოსვლას აგრძელებს. ორი წარმატებული სეზონისა და ბომბარდირთა დავის ლიდერთა შორის, საბამ მესამე გათამაშებაც უხვგოლიანად დაიწყო. რანდერსის ქართველ შემტევს ხან ბრონდბიუს, ხანაც კოპენჰაგენს უკავშირებდნენ, განსაკუთრებით მას მერე, რაც 24 წლის ფეხბურთელმა დანიის ნაკრებს გაუტანა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. სამაგიეროდ, საბა უმატებს და მის ანგარიშზე 8 მატჩი, 4 გოლი და ერთიც საგოლე პასია.
მაშინ, როცა მეტოქე სონით, ბუნდესლიგის, ლა ლიგისა და ლიგა 1-ის შემტევებით იწონებს თავს, საქართველოს ნაკრებს დაცვაში სერიოზული პრობლემები უდგას. ჩემპიონთა ლიგის ორიდან ორივე ფეხბურთელი, ცენტრალური მცველები – კვირკველია და ხოჭოლავა ტრავმის გამო გუნდს დააკლდნენ. თუმცა ვაისის 25-კაციან სიაში გურამ კაშიას, გია გრიგალავა და ლაშა დვალი არიან.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩის წინ თქვა, რომ დანიასთან ნაჩვენები ცუდი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთო.
„კორეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია. სასიამოვნოა, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ ფორმას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. გაისად, გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვაში.
შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
დაბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად თამაშობს, გოლი გოლზე გააქვს – მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სათავისო გუნდი იპოვა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის.“