ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის, ამჟამად კი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ახლადარჩეული პრეზიდენტის იასუჰირო იამასიტას განცხადებით, 2020 წელს ტოკიო ყველაზე ხარისხიანი ოლიმპიური თამაშების ჩატარებას აპირებს.
„ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე 27 ივნისს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ჩემი არჩევა მეტად მოულოდნელი იყო. სამი-ოთხი თვით ადრე ყველა მეუბნებოდა: „იამასიტა, შენ ამას უნდა დათანხმდე. უარის თქმა არ შეიძლება. ამას მხოლოდ შენ გაუმკლავდები“.
მართალია, ოლიმპიზმში ჯერ დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ამ თანამდებობაზე მუშაობის ორი თვის განმავლობაში ყველა მეხმარებოდა – მეგობრები, კოლეგები, იაპონელი ხალხი. გვინდა, რომ ყველაზე ხარისხიანი ოლიმპიური თამაშები ჩავატაროთ,“ – თქვა ძიუდოს ლეგენდა. იამასიტა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მომავალ სტუმრებს იაპონიის სიცხესთან გასამკლავებლად რჩევებსაც სთავაზობს: „აუცილებელია, თან იქონიოთ წყალი. უმჯობესი იქნება, თუ ოლიმპიური თამაშების პერიოდში პიჯაკებს და ჰალსტუხებს დაივიწყებთ. მოიმარაგეთ მსუბუქი ტანსაცმელი. და კიდევ, იაპონიაში სიცხისგან თავდასაცავად ვიყენებთ ქოლგებს. ჩვენთან ქოლგა როგორც წვიმაში, სიცხეშიც მიღებულია.“ შეგახსენებთ, ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში გაისად, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.