ბრიტანული „მირორი“ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამერიკის ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომ თანამსაჯები ვერ შეძლებენ ყოველთვის უშეცდომოდ განსაზღვრონ თამაშგარე მდგომარეობა…

ამ დასკვნის გაგრძელება გახლავთ ესპანელი პროფესორის, ფრანსისკო ბალდის კვლევა. სინიორ ბალდი ბრძანებს, რომ თანამსაჯს ერთდროულად მხედველობის არეში უნდა ჰყავდეს 5 ობიექტი (ბურთი, ორი შემტევი და ორიც მცველი).

რაც უფრო სწრაფად და ქაოტურად გადაადგილდება მოედანზე ეს 5 ობიექტი და რაც უფრო მეტია მათ შორის მანძილი, მით უფრო ძნელია ადამიანის თვალისთვის, უშეცდომოდ აღიქვას რეალობა. სწორედ აქედან იწყება „მირორის“ სენსაცია:

სათადარიგო მსაჯებს რობოტები ჩაანაცვლებენ და ფიფა ამ მიმართულებით გარკვეულ კვლევებს აფინანსებს. ვარაუდობენ, რომ მოედნის კიდეზე თანამსაჯებს რობოტები 2030 წლისთვის ჩაანაცვლებენ, თუმცა უფრო ადრე მსაჯი-რობოტების გამოჩენას ამერიკულ ფეხბურთსა და ბეისბოლში ელიან.