ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წინა შედეგის გამეორებასთან ახლოსაა. შარშან, ჩინებულ ფორმაში მყოფმა საქართველოს პირველმა ჩოგანმა მერვედფინალს უწია, სადაც დიდებულ რაფა ნადალს გადაეყარა და ღირსეულად ეჭიდავა, სეტიც მოუგო, მაგრამ მაინც დამარცხდა.
ახლა, 27 წლის ქართველს ცოტათი უმართლებს. პირველ რაუნდში მან უხერხულ მეტოქედ ქცეულ მარტინ ფუქსოვიჩს ხუთსეტიანი დუელი მოუგო, მერე კი ტურნირზე „ველური ბარათით“ მოხვედრილ მასპინძელ ჯენსონ ბრუქსბის სძლია, ვისაც მსოფლიო რეიტინგის 400-ეულში ახლაღა შეუღწევია.
ქართველ ჩოგბურთელს ამერიკელის დასამარცხებლად 4 სეტი დასჭირდა – 3:6, 7:6 (7:3), 7:5, 6:2.
განსაკუთრებულად რთული მეტოქე ნიკას არც მესამე წრეში ჰყავს – გერმანელი დომენიკ კუპფერის დამარცხების შემთხვევაში კი ბასილაშვილი რუს დანილ მედვედევსა და ესპანელ ფელისიანო ლოპესს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.