კლაუდიო პაულო კანიჯია (კანიხიას თქმაც შეიძლება, მაგრამ საქართველოში „ჯ“-ს ვიყავით დაჩვეულები) ჰედლაინებში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად მიზეზი ფეხბურთი არ არის.
არგენტინელი ვარსკვლავი ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებოდა. გოლი, რომელიც მან მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიას გაუტანა „ალბისელესტეს“ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ, ოღონდ ეგაა, ლეგენდას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აქვს.
1993 წელს, როდესაც „ქარის შვილად“ წოდებული ფორვარდი „რომაში“ თამაშობდა, ანტიდოპინგის სამსახურმა მის ორგანიზმში კოკაინის კვალი აღმოაჩინა.
„ეს მხოლოდ წუთიერი სისუსტე იყო, — თქვა მაშინ კანიჯიამ, რომელსაც ჯერ არ უნდოდა მავნე ჩვევა ეღიარებინა, — სიგარა მოვწიე, რომელიც კოკაინს შეიცავდა“.
თავდამსხმელის ამ აღიარებით, სიგარა რომელიც კოკაინს შეიცავდა მან „რომასა“ და „ნაპოლის“ შეხვედრის წინ მოწია. თამაში, 93-ის 21 მარტს გაიმართა და 1:1 დასრულდა. იმ დღეს კანიჯია ძირითად შემადგენლობაში იყო.
მაშინ, შორეულ 93-ში, ფეხბურთელის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათ კლიენტს კოკაინი დოპინგის მიზნით არ მიუღია. ამის მიუხედავად, კანიჯიას 13-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, მაგრამ იხსნეს — დიდი მწვრთნელები, კარლოს ბილარდო და სესარ ლუის მენოტი დაუდგნენ მხარში. „დიარიო პოპულარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მენოტიმ თქვა რეპრესიების გზა ყველაზე ცუდიაო და კანიჯიას საბრალო ბავშვიც კი უწოდა. გაზეთი ამტკიცებდა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები იტალიაში დაეწყო.
კარიერის დასრულების შემდეგ კლაუდიო კანიჯია მეუღლესთან, მარიანა ნანისთან ერთად მარბელაში დასახლდა. სულ ახლახან კი მარიანა ნანისმა საჯაროდ მოყვა, თუ რა ტანჯვა გამოიარა ნარკომან ქმართან ცხოვრების წლებში. ქალის მოგონებებში იყო ასეთი წინადადება: „მან ერთი პაკეტი კოკაინის გამო შვილი მომიკლა. მისთვის სულერთი იყო, რომ ორთვენახევრის ორსული ვიყავი. მან ჩემი ბიჭუნა მოკლა“.
სავარაუდოდ, საუბარია ეგრეთწოდებული ლომკის დროს ფეხმძიმე ქალის ცემაზე.
თავის მხრივ, კლაუდიომ სოციალურ ქსელებში ყოფილი ცოლის ყველა ბრალდება უარყო. ის კი არა, გაღმა შეედავა მარიანა ნანისს — მისმა ძმამ გონსალო ნანისმა დედა მომტაცაო. კანიჯიას თქმით, გონსალო ნანისმა დედამისი მაშინ მოიტაცა, როდესაც თავად კლაუდიო ძალიან ცუდად იყო, კვდებოდა. საფიქრალია, რომ გონსალო ნაცემ დას ეძებდა და კანიჯიას დედის მოტაცება მასზე ზემოქმედებისთვის დასჭირდა — უნდოდა ეთქმევინებინა, რომელ საავადმყოფოში იყო მარიანა.
აღსანიშნავია, რომ კლაუდიო კანიჯიამ მარიანას მოგონებათა გასაჯაროებამდე რამდენიმე დღით ადრე ყოფილი ცოლი გიჟად გამოაცხადა და მისი ფსიქიატრიული შემოწმება მოითხოვა. ამის მიუხედავად, ქალმა „ტელეფეს“ დაბეჯითებით განუცხადა, რომ ისევე როგორც ადრე, მრავალჯერ, ახლაც ქმრის გადარჩენა სურს.
„ვინ იცის რამდენჯერ დამიცავს ის ნარკომანიისა და მეძავობისგან. ყოველთვის ვცდილობდი მის გარშემო მყოფი ძალიან ცუდი ხალხისგან ჩამომეშორებინა. როგორც წესი ის მიჯერებს, მაგრამ ხანდახან დგება მომენტი, როდესაც თავს ზევით ძალა არ არის და ახლა მის ცხოვრებაში სწორედ ასეთი პერიოდია. ახლა მასზე ცუდი ხალხი ბატონობს, რადგან ის თავის ნარკომანობას ვერ ერევა“.