პეკინში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის (FIBA) XXI კონგრესზე 156 ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. პრეზიდენტი გახდა აქამდე ამავე ორგანიზაციის მეორე კაცი და FIBA-აფრიკის პრეზიდენტი მალიელი ჰამანე ნიანგი, რომელიც ადრე მალის კალათბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა და ასევე იყო მალის სპორტის მინისტრი.

„დღეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ეროვნულ ფედერაციას. პირობას ვდებ, პასუხისმგებლობით მოვეკიდები ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, ვიდგები FIBA-ს სამსახურში, მსოფლიოს ყველა კუთხეში დავიცავ ჩვენი საყვარელი სპორტის ინტერესებს. ერთად შეგვიძლია გავხდეთ ყველაზე პოპულარული სპორტული ოჯახი,“ – განაცხადა ჰამანე ნიანგმა, რომელმაც FIBA-ს პრეზიდენტის სავარძელი ოთხი წლით დაიკავა.