აკი მოგახსენეთ, ასეთი სულ თორმეტი ყოფილა – თორმეტი დაუვიწყარი დასასრული. კრივის ისტორიის ერთ-ერთ საყრდენს რომ ქმნის.

ოთხი ამათგანი ორი კვირის წინანდელ “საკრივო ფურცელზე” წარმოგიდგინეთ, მომდევნო ოთხის ჯერი კი ახლა მოსულა.

1952 წლის 23 სექტემბერი. როკი მარჩიანო – ჯერსი ჯო უოლკოტი

ეს ახლა არის, რომ ჩვენ როკი მარჩიანოს გამო ვლაპარაკობთ. ვიცით, რომ იყო მძიმე წონის სამ საუკეთესო მოკრივეს შორის ერთ-ერთი და ერთადერთი, ვინც ისე გამოეთხოვა რინგს, რომ არ დამარცხებულა. ჩვენ ბევრი რამ ვიცით მის შესახებ, მაგრამ მაშინ, 40-იანი და 50-იანი წლების მიჯნაზე როკი აღიქმებოდა ერთ დაჯღვარკულ, მოკლეფეხება იტალიელად, რომელიც კრივში სანახევროდ განათლებულა, თუმცა დაუცხრომელი მებრძოლია და ამის ხარჯზე იმარჯვებს საშუალო ძალის მებრძოლებთან.

მაგრამ მარჩიანოს ბანაკში იცოდნენ, რომ როკიმ ბევრი რამ ისწავლა, ამიტომაც მის პირველ და ერთადერთ საპრედენტო ბრძოლას იმედით შესცქეროდნენ.

როკი ჩემპიონობას ეცილებოდა ჯერსი ჯო უოლკოტს, ოცდაჩვიდმეტი წლის მოკრივეს, რომელსაც ბოლო წელიწადნახევარს მტკიცედ ეპყრა მძიმე წონის ქამარი.

უოლკოტისთვის ეს რიგით მეორე ტიტულის დაცვა იყო. ერთი წლით ადრე მან ერთდარტყმიანი ნოკაუტით დასცა პრეტენდენტი ეზარდ ჩარლზი.

ასეთივე დარტყმა მოუხერხა უოლკოტმა მარჩიანოს. ეს იყო ერთ-ერთ ადრეულ რაუნდში. ფილადელფიის მუნიციპალურ სტადიონზე თავშეყრილი ხალხი გაირინდა, ესა და ბრძოლა დამთავრდაო. მაგრამ მარჩიანო სწრაფად წამოდგა. აქვე უნდა ითქვას, რომ როკის კარიერაში ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ის არათუ წაიქცა, არამედ ნოკდაუნში აღმოჩნდა.

მარჩიანო კი წამოდგა, მაგრამ მაყურებელს გული აუცრუა – “ბროკტონელი ყუმბარმტყორცნი” (ასე ეძახდნენ როკის) ვერაფერს გააწყობს ჩემპიონის წინააღმდეგო.

უოლკოტი სახიფათო, დახვეწილი სტილის მოკრივე იყო. მას სანიმუშო სკოლა გაევლო და მარჩიანოსთან შედარებით დახვეწილი მანერა ჰქონდა.

მთელი ბრძოლის განმავლობაში უოლკოტი წინ იყო. მეთორმეტე რაუნდის შემდეგ ის აშკარად იგებდა. სამი მსაჯი რაუნდების მიხედვით მას ანიჭებდა უპირატესობას: 7-4, 8-4, 7-5. ასეთ შემთხვევაში, მარჩიანოს რომ თავი მოეკლა და დარჩენილი სამი რაუნდი მოეგო, ფრეს მიაღწევდა. ეს ძალიან ძნელი საქმე გახლდათ. ერთადერთი, რაც მარჩიანოს შეეძლო, თავზეხელაღებული შეტევა იყო და ამგვარი შეტევაც არ იძლეოდა წარმატების მყარ იმედს.

მარჩიანოს შტაბის ტაქტიკა სწორი იყო – როკის თავზე ხელი უნდა აეღო და თან ჭკუით ემოქმედა. მეცამეტე რაუნდი დაიწყო თუ არა, მარჩიანომ ახლოდან შეუტია უოლკოტს და თოკებთან მიიმწყვდია იგი. როკიმ იმგვარად დაიჭირა პოზიცია, რომ მარჯვენა ხელის ძალუმად მოქნევა შეძლებოდა.

და მოიქნია კიდეც. უოლკოტმა თავისი მარჯვენა შეაგება, მაგრამ მარჩიანომ წამის მეასედით დაასწრო. ეს იყო დარტყმა, ასე თვრამეტი ინჩის მანძილიდან. იგი პირდაპირ ქვედა ყბაში მოხვდა უოლკოტს.

ჩემპიონი მოწყვეტილი დაეცა ფიცარნაგზე. წამით ისე გამოჩნდა, რომ დარტყმული დიდი არაფერი იყო და უოლკოტს მუხლმა უმტყუნა. ამ შეხედულებას ისიც ამაგრებდა, რომ ჩემპიონი მალე წამოდგა. თუმცა, როგორც გამოჩნდა, ბრძოლა დამთავრებული იყო. როგორც კი ბრძოლა განახლდა, მარჩიანომ მოწყვეტილი ცაცია მოარტყა სახეში მოწინააღმდეგეს. ეს ცაცია გადამწყვეტი არ ყოფილა. საქმე პირველმა დარტყმამ მოათავა. შემდგომში კრივის მწვრთნელებმა დაწერეს, რომ ეს იყო უდიდესი სანოკაუტო “სინგლი” მძიმე წონის ისტორიაში. ასე გახდა როკი მარჩიანო ჩემპიონი.

ასეთი იყო მისი დასაწყისი.

1974 წლის 30 ოქტომბერი. მუჰამედ ალი – ჯორჯ ფორმენი

ალი არასოდეს ყოფილა დიდი მონოკაუტე კაცი. ცალი ხელის თითები ეყოფა მის მიერ მოხერხებული ერთ, ან ორ დარტყმიანი ნოკაუტების დათვლას. არადა, ის 21 წელიწადს იდგა რინგზე. ჩვენ კარგად ვიცით, ვინ იყო ალი. ის პირველი იყო, მაგრამ ნოკაუტები ქრესტომათიული არ ჰქონდა…

017037986

თუმცა, დიდი ნოკაუტის თვისებაც ეს არის, რომ მოულოდნელად დაიბადება ხოლმე. ზოგჯერ დგება წამი, როცა დიდ ნოკაუტს არ სჭირდება არც გამორჩეული ძალა და საგანგებო ოსტატობა.

ასე მოხდა მაშინაც, კინშასაში, ზაირის დედაქალაქში, გვიან ღამით: ალი შვიდრაუნდნახევრის განმავლობაში უძლებდა ჯორჯ ფორმენის შეტევებს. შემდეგ კი დაამტკიცა, რომ დიად მოკრივეებს ძალუძთ იმის კეთებაც, რაც სხვათა იარაღად უფრო ითვლება.

ჩვენს საკრივო ფურცლებზე ვრცლად იყო აღწერილი კინშასური ბრძოლა და მისი დაუვიწყარი დასასრული. თუმცა, ამ ჯერზე მაინც გავიხსენებთ.

ალის ტაქტიკა ამ დიდ შერკინებაში აიხსნება მისივე გამოთქმით: “სპილო ვერ დაეწევა ქურციკს”. მან თავისი დაცვითი ტაქტიკით, სისწრაფით და მოხერხებულობით დატანჯა ფორმენი. ფორმენი ბარე ოთხჯერ მეტს ურტყამდა, მაგრამ ალი უფრო ზუსტი იყო. მან მოქანცა სპილო.

ამ ბრძოლის ბოლო წამები კი ასეთი იყო:

ალიმ ორი ჯერი დაჰკრა ფორმენს და რბილი მარჯვენაც მიაყოლა. მერე თავისებურად წაიმასხარა და მოწინააღმდეგეს კისერში წაუთაქა. ფორმენი დაბნეული ჩანდა. მან კიდევ ორი ძლიერი ჯები მიიღო დასიებულ ცხვირ-პირში. ეს ის ჯებები იყო, გახურებულ ალის რომ სჩვეოდა.

ფორმენმა საპასუხოდ მოიქნია, მაგრამ ეს მოქანცული კაცის დარტყმა იყო. ალი, რომელიც მთელი ბრძოლის განმავლობაში თოკებთან ირჯებოდა, ახლა რინგის შუაგულში იდგა. ის მსუბუქი ცეკვით დაიძრა თოკებთან მდგომი ფორმენისკენ.

ალის შემდეგი დარტყმა უსწრაფესი ჯები იყო.

მრავალი წლის შემდეგ, ამ ჯებს თავად ალიმ თავის კარიერაში საუკეთესო დარტყმა უწოდა.

ჯები იმდენად სწრაფი იყო, რომ ფორმენის ნიკაპს მაშინ უწია, როცა დიდი ჯორჯი ხელებჩამოშვებული და წელგამართული იდგა. როცა ფორმენი წინ გადმოიხარა, ალიმ მარჯვენა მოამზადა, მაგრამ აღარ მოუქნევია. აღარც სჭირდებოდა. ფორმენი ორად მოკეცილი, ბარბაცით დაიძრა ალისკენ. წამში ის ოთხზე მბობღავ კაცად იქცა და რეფერი ზაკ კლეიტონმაც აღარ დაახანა.

დრო – მერვე რაუნდის 2 წუთი და 58 წამი… ერთი განუმეორებელი ჯები და ფორმენი აღარ არსებობდა.

1978 წლის 9 ივნისი. ლარი ჰოლმსი – კენ ნორტონი

მძიმეწონოსნები იშვიათად არიან სანახაობის მიმდევარი ხალხი. კრივის მოყვარულთაგან ხშირად გაიგონებთ, თუ კრივში მხოლოდ სანახაობას დაეძებთ, მსუბუქწონოსანთა ორთაბრძოლებს უცქირეთ, იქ პირველი წამიდანვე განუზომლად მეტია რისკი, მუშტი, მოძრაობა და აზარტი.

მაგრამ როდესაც რინგზე ერთმანეთს შეხვდებიან ლარი ჰოლმსი და კენ ნორტონი, მაშინ მსუბუქ წონაზე აღარ იფიქრებ.

ორი დიდი კაცი, ორი საოცარი მოკრივე, ორი ათლეტი, ერთმანეთის პირისპირ დადგა. ნორტონი როგორც ჩემპიონი და ჰოლმსი, როგორც პრეტენდენტი.

ეს იყო ბრძოლა, რომლის თხუთმეტივე რაუნდი დასამახსოვრებელი, გზნებითა და ოსტატობით იყო სავსე.

მძიმე წონის ისტორიას არ ახსოვს ასეთი ღია და თავზეხელაღებული შერკინება. არ ახსოვს არც მებრძოლი წყვილის ასეთი საკრივო სილამაზე.

Boxing: WBC Heavyweight Title: Larry Holmes (R) in action vs Ken Norton at Caesars Palace.
Las Vegas, NV 6/9/1978
CREDIT: John Iacono (Photo by John Iacono /Sports Illustrated/Getty Images)
(Set Number: X22435 )

თავიდან ჰოლმსი უტევდა თავისი დელგმური ჯებებით. ის მხოლოდ ნორტონის სახეს ხედავდა და უმიზნებდა. ბრძოლის შუაწელზე უკვე ნორტონმა დაიჭირა უფრო ახალგაზრდა პრეტენდენტი და თავისი განთქმული მარჯვენა ჰუკი აამუშავა.

უკანასკნელი, მეთხუთმეტე რაუნდის წინ, აშკარა ფრე იყო და მსაჯებსაც ასე დაეთვალათ.

ორივე მოკრივემ მშვენივრად იცოდა, რომ დგებოდა გადამწყვეტი წუთი.

ნორტონმა პირველმა შეუტია: – წყვილი ჰუკით თოკებთან მიაგდო ჰოლმსი, შემდეგ მან კორპუსში დასცხო მოკუნტულ პრეტენდენტს.

რაუნდის ნახევარი ისე გაილია, რომ ხალხი თანდათან იჯერებდა, ჩემპიონი მოიგებსო. ნორტონის აგრესია და ჯანი უფრო დღეგრძელი ჩანდა, მაგრამ ჰოლმსი უეცრად გამოფხიზლდა. მან ერთი აპერკოტი ამოსცხო ჩემპიონს და მარჯვენაც მოახმარა. ჯების მომზადებას ვერ ასწრებდა, მაგრამ მუშტები იმგვარად აამუშავა, რომ გვარიანად დააბნია მოწინააღმდეგე.

ბრძოლის დასრულებამდე 30 წამით ადრე ჰოლმსმა მშვენიერი კომბინაცია გაუმართა ნორტონს. და მაინც, ბრძოლის შედეგი გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო.

რაუნდის ბოლო – 20 წამს ისინი რინგის შუაში იდგნენ და ღიად, გაალმასებით აყრიდნენ მუშტებს ერთმანეთს. გონგის ხმა არ გაუგონიათ, რეფერი შუაში ჩადგა.

დიახ. ნოკაუტი არ ყოფილა, მაგრამ ამგვარი დასასრულიც ბევრი არ ყოფილა – დიადი დასასრული ნოკაუტის გარეშე. მსაჯთა თათბირით გამარჯვებული ჰოლმსი გამოდგა. მან ჩემპიონის ქამარი შემოირტყა.

1980 წლის 31 მარტი.  მაიკლ ვივერი – ჯონ ტეიტი

ის ასე ახლოს იყო. ისე ახლოს იყო იმასთან, რომ პატივცემული ყოფილიყო.

ვინაიდან, კაცმა ერთხელ მაინც უნდა შეძლოს ტიტულის დაცვა.

მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა კუბელმა მოყვარულმა თეოფილო სტივენსონმა ერთდარტყმიანი ნოკაუტით დასცა ჯონ ტეიტი მონრეალის ოლიმპიურ რინგზე, “დიდ ჯონად” წოდებულ მძიმეწონოსანს არავინ თვლიდა ნაღდ მოკრივედ.

ჯონ ტეიტი გოლიათური აღნაგობის, ქონმოძალებული მოკრივე იყო. დიდი ბრძოლების შორიახლოსაც არავინ უშვებდა, მაგარმ ცალკერძ მონდომებითა და ცალკერძ იმ დროს საკრივო ვერსიათა ომის გამოისობით, მარაქაში გაერია. პროფესიულ რინგზე წაგება არ ჰქონდა. მოულოდნელად კი ასოაციაციის (ფბა) ვაკანტური ტიტულისკენ გაიკაფა გზა მავან კალე კნუტცესა და გერი კოეტცის დამარცხებით.

ტიტულის პირველივე დაცვა მისთვის იმედისმომცემი იყო. ტენესის შტატში, მშობლიურ ქალაქ ნოქსვილის “სტოკლის” დარბაზში უნდა შეხვედროდა მაიკ ვივერს.

რა თქმა უნდა, ვივერი არ იყო ჯო ლუისი. რის ჯო ლუისი? თავის დროზე ის გაელახა არა “პატარა თეთრ იმედს”, დუეინ ბობიკს, არამედ მის დონდლო ძმას, როდნისაც. ვივერი იმით იყო ცნობილი, რომ ერთი წლის წინათ ლარი ჰოლმსიც კი გამოეწვია. ეს სასაცილო იყო.

თოთხმეტნახევარი რაუნდის განმავლობაში ტეიტი თავის ნებაზე აბურთავებდა ვივერს. აკადემიურად, ღირსეულად და ლამაზად კრივობდა. ღონიერი ჰუკი მხოლოდ მეთორმეტე რაუნდში მოხვდა და ისე მიიღო, ვითომ არაფერიო.

ბრძოლის დასრულებამდე 45 წამი რჩებოდა, როცა ტეიტი და ვივერი რინგის კუთხეში შეებნენ ერთმანეთს. ვივერის ცაცია ჰუკი ყბაში მოხვდა ჩემპიონს. “დიდი ჯონი” თითქოს გაიყინაო და ერთადერთი კაცი, ვინც მიხვდა, რომ ნოკაუტი შედგა, რეფერი ერნესტო მაგანა იყო. ტეიტი ფეხზე იდგა და ნოკაუტში იყო. ორიოდ წამში ის ნელა ჩაიკეცა და ფიცარნაგზე გაიშხლართა.

მეთოთხმეტე რაუნდის შემდეგ სამივე მსაჯის დათვლით ტეიტი აშკარად იგებდა: 137-134, 136-133,138-133.  ორმოცდახუთი წამი პატივისცემამდე.

ის სულ ახლოს იყო.

14.11.1998

წილი
წინა სტატიაპინკ ფლოიდი ბოლტონის გადასარჩენად
შემდეგი სტატიაგამოუცდელი უშიშარი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.