ძიუდოს სამშობლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის, საქართველოს ნაკრების მონაგარი კი ამ ეტაპზე თითო-თითო ოქრო-ბრინჯაოა.

28 აგვისტოს, მარიამობას, შორეულ ტოკიოში გაშლილ ტატამზე 21 წლის ლუკა მაისურაძემ შთამბეჭდავად იჭიდავა და ბრინჯაოს მედალი დამსახურებულად მოიპოვა. ეს, ახალგაზრდა და უნიჭიერესი ქართველი ძიუდოისტისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ და ამის ფონზე მიღწეულ შედეგს ურიგოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

მეტიც შეიძლებოდაო, გვითხრა საქართველოს 23 წლამდე და ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა, რომელიც ეროვნულ გუნდის მწვრთნელის ასისტენტია, თანაც მაისურაძის მწვრთნელი, რომელიც აძლევდა კიდეც ლუკას მითითებებს, რამაც საბოლოო ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიტანა.

ლაშა გუჯეჯიანს იაპონიის დედაქალაქში შევეხმიანეთ და ეს ინტერვიუ ვთხოვეთ..

– უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. ლუკას ჭიდაობას დადებითად შევაფასებდი. მართალია, შეჯიბრის პროცესში გამოჩნდა, რომ უკეთესი სინჯის მედლის აღებაც შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, გამოცდილება დააკლდა. თანაც სხვა ფაქტორებმაც იჩინა თავი. ლუკა ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და მას მომავალი წინ აქვს. მეტი შრომით და მონდომებით ის გაცილებით მაღალ მწვერვალზე ავა. აქაც გამოჩნდა, რომ ტატამზე შიში მისთვის უცხოა და მასზე ტიტულოვან და გამოცდილ მეტოქეებს არაფერში ეჩაგვრინება. დარწმუნებული ვარ, მისგან მომავალში ღირსეული ჩემპიონი დადგება.

– ხელოვნური ფაქტორები იყოო, თქვი. ალბათ, მეოთხედფინალში არაობიექტურ მსაჯობას გულისხმობ…

– მსაჯებზე მაშინაც არ ვლაპარაკობდი, როცა თავად ვჭიდაობდი, თუმც ამჯერად მაინც ვიტყვი, რომ ეგვიპტელ მეტოქესთან ლუკა აშკარად დაჩაგრეს. დარწმუნებული ვარ, რომ შედეგზე მსაჯების გადაწყვეტილებამ იქონია გავლენა. მიუხედავად ამისა, ლუკა არ გატყდა და ბრინჯაოსთვის ბროლაში  ორი უძლიერესი ძიუდოისტი, მათ შორის მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი დაამარცხა. ესეც თვალნათლივ მიუთითებს მის შეუდრეკელ  ხასიათზე, რაც სამომავლოდ უცილობლად სასიკეთოდ წაადგება.

– ელოდი, რომ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ის მედალს მოიპოვებდა?

– უკვე გითხარით, რომ ლუკამ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად შიში რა არის, არ იცის. ტატამზე მუდამ ბოლომდე იბრძვის. ამასთან, მას ჭიდაობის თავისებური სტილი აქვს და თუ ის მეტოქეს თავს მოახვია, ვეღარავინ დაუძვრება. დებიუტის მიუხედავად, სწორედ მისი ხასიათიდან გამომდინარე,  ვიცოდით, რომ ის მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა.  ტურნირამდე, ვარჯიშების დროს და უშუალოდ შეჯიბრის დროს ისეთი შემართებით იყო, რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო უმედლოდ დარჩენილიყო.

– უკვე ვიცით რა არის ლუკა მაისურაძის ძლიერი მხარე. სისუსტეზე რას გვეტყოდი? რისი დახვეწა მართებს?

 – ის სწრაფად პროგრესირებს და აგერ, მსოფლიო ჩემპიონატზეც გამობრძმედილი სპორტსმენივით იჭიდავა, მაგრამ ვფიქრობ მისი სუსტი მხარე გამოცდილების ნაკლებობაა. მან ეროვნული ნაკრების  კარი დამსახურებულად შეაღო და ადგილსაც იმკვიდრებს.

– მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარზე მეტი მიილია. ზოგადად ნაკრების გამოსვლაზე რას იყტოდი?

 – ოქრო და ბრინჯაო გვაქვს, რაც პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ლუხუმ ჩხვიმიანის ჩემპიონობამ ყველას ფრთები შეგვასხა და აგერ, ლუკას დამსახურებული ბრინჯაოც მივითვალეთ. ბიჭებს, რომლებიც უმედლოდ დარჩნენ, არ დაუტოვებიათ განცდა, რომ მეტი არ შეეძლოთ ან მომავალში მათი იმედი არ უნდა გვქონდეს. სპორტში ყველაფერი ხდება, თან მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და მედლების მოპოვების შანსები საკმაოდ რეალურია.

P.S. ხუთშაბათს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90კგ) გავიდა, რომელიც სამწუხაროდ შეჯიბრს 1/16 ფინალიდან, ჰოლანდიელ იასპერ სმინკთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.