პოლ პოგბას მანჩესტერელი ვანდალები გასაქანს არ აძლევენ. სულ რამდენიმე დღეა, რაც მასზე სოციალურ ქსელებში თავდასხმა შეწყდა და აი, სიახლეც — „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზასთან დაყენებულ ახალ ფირნიშს საღებავით დააჯღაბნეს: გააგდეთ პოგბა!
ფირნიშზე, რომელიც, როგორც გითხარით, „„იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზასთან დიდი ხანი არ არის რაც დააყენეს, სინამდვილეში აწერია: საგზაო ხიფათის გამო ფეხბურთელებს გაჩერება და ავტოგრაფების დარიგება ეკრძალებათ!
კლუბის ადმინისტრაციას ქერინგტონში ასეთი დაფის დადგმა ბოლოხანს მომრავლებულმა გულშემატკივარმა აიძულა. სულ უფრო მეტი და მეტი ხალხი ჩადის „იუნაიტედის” საწვრთნელ ცენტრში სასურველი ავტოგრაფების მისაღებად და ფეხბურთელებიც იძულებულები არიან გაჩერდნენ და ავტოგრაფები დაარიგონ.
მაგრამ აი, ფირნიშზე გამოჩნდა წარწერა: გააგდეთ პოგბა!
მოგეხსენებათ, 26 წლის ფრანგ ნახევარმცველს ვანდალებმა და ტროლებმა მას მერე შეუტიეს, რაც მან „ვულვერჰემპტონთან” შეხვედრაში მარკუს რეშფორდს პენალტის დარტყმა არ დაანება, თავად დაარტყა და ვერ გაიტანა.
პოგბას წინააღმდეგ გაჩაღებულ აგრესიას მისი თანაგუნდელები გამოეხმაურენ.
ჰარი მაგუაირი: „ამაზრზენია. სოციალური მედიის ბოსებმა რამე უნდა იღონონ. გვერდი პასპორტის ან მძღოლის მოწმობის გარეშე არავის უნდა გაახსნევინონ. ტროლებმა რამდენიმე ექაუნთის გახსნას და სხვადასხვა ცრუ სახელით შეტევას თავი უნდა დაანებონ.”
მარკუს რეშფორდი: „საკმარისია. ეს უნდა შეწყდეს. „მანჩესტერ იუნაიტედი” ოჯახია და პოლ პოგბა ამ ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია. ვინც მას უტევს, ის ჩვენ ყველას გვიტევს”.
პოლ პოგბა „იუვენტუსიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” 2016 წელს, 89 მილიონი გირვანქის საფასურად დაბრუნდა. მას მერე ინგლისელ გულშემატკივარს მასზე არაერთგვაროვანი შეხედულება აქვს. ინტენსიურად ამბობდნენ, რომ ფრანგის შეძენა „რეალს” უნდოდა და საამისოდ დიდძალი ფულის გადახდაზეც არ იხევდა უკან, მაგრამ ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯრის დაკეტვამდე რამდენიმე დღეღა დარჩა, სავარაუდოდ, პოგბას ტრანსფერის საქმე ჩაიშალა.
„იუნაიტედის” ლეგენდამ, დანიელმა მეკარემ პიტერ შმაიხელმა ამასწინათ, თავის ყოფილ თანაგუნდელსა და დღეს გუნდის მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს „ტვიტერით” ასე მიმართა: „ტელეფონი არსებობს, საერთაშორისო სატრანსფერო ფანჯარა კი 2 სექტემბრამდე ღიაა. მოაგვარე ეს საკითხი, გაყიდე პოგბა”.