ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ქალთა ჩოგბურთში საქართველოსთვის საინტერესო ისტორიის წერას შეუდგა. 2019 წლის სეზონი მისთვის და ზოგადად ქართველი ჩოგბურთის ქომაგებისთვის უცილობლად ტკბილად გასახსენებელი იქნება.

ლეილა მესხის, ანა ტატიშვილის და სოფიო შაფათავას შემდეგ, მარიამ ბოლქვაძე გახდა მეოთხე ქართველი ქალი მეჩოგნე, რომელმაც დიდი სლემის ძირითად ბადეში გააღწია. ის არც ამით დაკმაყოფილდა და პირველი ბარიერიც წარმატებით გადალახა. ამით, ბოლქვაძე ლეილა მესხის შემდეგ, სუსტი სქესის მეორე ქართველი წარმომადგენელია, ვინც მეიჯორზე ეს შეძლო.

ნიჭიერ ქართველ ჩოგბურთელს, ერთეულთა თანრიგში კარიერაში 5 ITF-ის ტურნირი აქვს მოგებული, ხოლო წყვილთა შორის, სამი წლის წინ „უიმბლდონის“ ახალგაზრდული ტურნირის ფინალიც ითამაშა.

ორშაბათს კი ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსის მე-9 კორტზე მარიამ ბოლქვაძე წარმოშობით ხორვატი, თუმცა ამერიკის სახელით მოთამაშე ბერნარდა პარას პირისპირ დადგა და სამ სეტში იმარჯვა. სპეციალისტებმა ეს დიდ სენსაციად მონათლეს, რადგანაც ამერიკელი ვენებურს რეიტინგშიც საკმაოდ აღემატებოდა (69) და გამოცდილებაც მეტი აქვს…

28 აგვისტოს, მარიამობას, ბოლქვაძე მსოფლიოს მესამე ჩოგანს, ჩეხ კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდება, მანამდე კი „სარბიელის“ ეს ინტერვიუ წაიკითხეთ, პარას ძლევის შემდეგ მარიამთან მალევე რომ ჩაწვერეთ:

– პირველ რიგში გილოცავ და მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდი. მაგარი ამბები დაატრიალე და რაც მთავარია ამერიკული ზღაპარი გრძელდება. რას გრძნობ?

– ახლა მხოლოდ სასიამოვნო დაღლილობას და მოზღვავებულ  ემოციებს. თავი მართლაც ზღაპარში მგონია. ნებისმიერ ტურნირზე, თითოეულ მატჩში გამარჯვება ჩემთვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დიდი სლემის ტურნირზე. რაც წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე ხდება, კარიერული წინსვლისთვის აუცილებლად გამომადგება. ჩემთვის ეს უდიდესი გამოცდილებაა.

– ლეილა მესხის შემდეგ მეორე ქართველი ქალი ჩოგბურთელი ხარ, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე პირველი ბარიერი გადალახა. გულწრფელად გვითხარი, ნიუ იორკში გამგზავრებამდე ფიქრობდი, რომ ასეთ შედეგს მიაღწევდი?

-რომ გითხრათ კი, მეთქი, არ იქნება მართალი. დიდ სლემებზე, ეს ჩემი დებიუტი არ ყოფილა, წლეულს უიმბლდონზეც ვითამაშე, სადაც კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე დავმარცხდი და ვერც US Open-ზე წარმოვიდგენდი ასე შორს წასვლას.

კორტზე ავტორიტეტებს არასდროს ვცნობდი, ჩემი კრედო ყოველთვის ბოლომდე ბრძოლაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე დიდ იმედებს მაინც არ ვამყარებდი. მიზეზი კი მცირე ტრავმაა. ნიუ იორკში ბოლომდე გამოჯანმრთელებული ვერ ჩამოვედი, თუმცა მონაწილეობა მაინც გადავწყვიტე. ნამდვილად არ მეგონა თუ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლას შევძლებდი, მაგრამ აგერ უკვე ძირითადი ბადის მეორე წრეში ვარ და ამით არ შეიძლება ბედნიერი არ ვიყო.

-მოდით თავიდან მივყვეთ და საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე გვიამბე. ყველაზე მეტად ვისთან გაგიჭირდა და რა გასწავლა ამ მატჩებმა?

– უპირველესად თვითრწმენა შემმატა, მერე კი კორტზე საღად აზროვნება. ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მომაძლიერა.

ჩოგბურთში, ადვილი მატჩები აღარ არსებობს, მითუმეტეს დიდი სლემზე, თუნდაც ეს საკვალიფიკაციო ეტაპი იყოს. იქ მართლაც მაღალი დონის ჩოგბურთელები არიან თავმოყრილნი. პირველ მატჩში თითქოს ფსიქოლოგიურად გამიჭირდა, მაგრამ სხვა რელსებზე გადართვა მოვახერხე და გავიმაჯვე.

მეორე დაპირისპირების დროს უკვე კორტზე მეტი თვითდაჯერებულობით გავედი, მაგრამ ვატყობდი, რომ ფიზიკურად მოვიკოჭლებდი. მიუხედავად ამისა, მესამე გადამწყვეტ სეტში 0:3 ჩამორჩენა გავაბათილე და თითქოს მეორე სუნთქვა გამეხსნა.

კვალიფიკაციის ფინალი კი ყველაზე რთული გამოდგა და ეს არც იყო გასაკვირი. ერთი პერიოდი მეგონა წავაგებდი, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

– და ძირითად ბადესაც მივადექით…

– სიტყვები არ მყოფნის და უზომოდ ბედნიერი ვარ. ბერნარდა პარას გამოცდილება და საჩოგბურთო ოსტატობა ნამდვილად არ დაეწუნება. თამაშის ხარისხზე მეტად, კმაყოფილი იმით ვარ, რომ ასეთი დონის მატჩს ფსიქოლოგიურად გავუმკლავდი, ემოციები გავაკონტროლე, მოვეშვი და ვცდილობდი თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო. საბოლოოდ, ჩემმა ტაქტიკამ გაამართლა და კარიერაში, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოვიპოვე.

– წინ კი მსოფლიოს მესამე ჩოგანი კაროლინა პლიშკოვაა…

– ამერიკის წლევანდელ ღია პირველობაზე ვცდილობ ყველა წუთი და წამი დავაფასო. პლიშკოვასთან მატჩი ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად გამოწვევაა. მაინტერესებს როგორ შევხვდები მის მაღალ ტემპს, ძლიერ ჩაწოდებებს და დარტყმებს. შედეგის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში მასთან დაპირისპირებით ბევრს ვისწავლი, ეს უდიდესი გამოცდილება იქნება. ორი აზრი არ არის – რთული თამაში იქნება და კორტზე მაქსიმალურად დავიხარჯები.

– ამირიკის შემდეგ რას გეგმავ?

– კარგი დასვენება არ მაწყენდა, შემდეგ კი ვნახოთ. წინ ბევრი ტურნირია. აქვე მსურს დიდი მადლობა ვუთხრა ქომაგებს, ვისი მხარდაჭერაც მაძლიერებს. სოციალურ ქსელში უამრავი მოლოცვა მხვდება და ტელეფონიც არ გაჩერებულა. ხალხის დადებითი განწყობა, მათი თითოეული სიტყვა ორმაგად მოტივირებულს მხდის.