საქართველოს ნაკრების 18 წლის ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ფრანგული „მონპელიეს” შემადგენლობაში პირველი ჯილდო მოიგო. ეს გახლდათ სეზონისწინა ტურნირი, რომლის ნახევარფინალში „მონპელიემ” „ბენფიკას” აჯობა 32:25, ფინალში კი უნგრულ „სეგედს” სძლია 27:25. გიომ პირველ შეხვედრაში გოლიც შეაგდო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაძემ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი „მონპელიეს” მთავარ გუნდთან ერთად ჩაატარა და ამხანაგურ შეხვედრებში 16 კაციან განაცხადში რეგულარულად ხვდებოდა.
გიორგი ცხოვრებაძე „მონპელიეში” 2017 წლის შემოდგომაზე, ჯერ კიდევ 16 წლისა გადავიდა, ოღონდ ფრანგული კანონმდებლობით, 18 წლამდე ძირითად გუნდში თამაშის უფლება არ ჰქონდა. ცხოვრებაძე 18 წლისა 2019 წლის თებერვალში გახდა.
„მონპელიე”, არც მეტი არც ნაკლები, 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ის გასულ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა — ჩემპიონი „პარი სენ ჟერმენი” გახდა — და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ლიგაში ცხოვრებაძის გუნდს პირველი თამაში 14 სექტემბერს სკოპიეს „ვარდართან” აქვს. „ვარდარი” ლიგის მოქმედი ტრიუმფატორია.
რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატს ანუ „ლიდლ სტარლიგას”, ის 4 სექტემბერს იწყება. „მონპელიე” პირველ ტურში „კრეტეის” მასპინძლობს.