ეგებ ლირიკაზე გველაპარაკა?
ან საფეხბურთო ბედის კვანტისტრიალზე? ალალად – არ ვიცი, რა ჰქვია ამას.
ჩვენებურ ქომაგს უცნაური მახსოვრობა აქვს. თბილიცა და დაუნდობელიც. აი, შარშან ზაფხულში „მარშრუტკაში“ ვიჯექი. ჩემს წინ კი ნოდარ ხიზანიშვილი მოხვდა. დაღლილი სახე ჰქონდა და მოწყენილი თვალები.
ეგებ ამის გამოც გველაპარაკა?
ტაქსიდან რომ ჩადიოდა, ფული გაუწოდა მძღოლის გვერდით მჯდომ მოლარეს და სადღაც განზე გაიხედა. კაცი თავის საფიქრალს წაეღო და ხომ არ გაიფხორებოდა, აბა კარგად დამაკვირდით, ვინა ვარო. კაცი, კარგი და დაღლილი კაცი. მოლარემ დასაბრუნებელი ხურდის კრეფა დაიწყო. მძღოლმა ერთი გამოხედა ვეტერანს და მისი გამოწვდილი ხელი, მანეთიანი რომ ეკავა, თითებით გასწია უკან.
რას შვრები, ბიჭო? – მიუბრუნდა მოლარეს.
რაიაო, გაუკვირდა ამას.
– ვერ იცანი ეს კაცი, ცამეტ მაისს რომ კოცნა გამოაგზავნა? ჩაბძანდი ბატონო, ჩაბრძანდი, რაც მე მაშინ გავიხარე – თვალები აუციმციმდა მძღოლს.
ნოდარმა ხმადაბლა თქვა მადლობა და კარი მოხურა.
განა ქომაგს რაიმე დაავიწყდება?
და მე მახსენდება იმავე ეპოქის მოთამაშე დავით მუჯირი. მახსენდება მისი საკუთარ კარში გატანილი გოლი და სულელური, მეტიც, პროვინციალურ-ფეოდალურ-ქუჩური ლაპარაკი, წლების მანძილზე რომ გაჰყვა ამ შემთხვევას. მახსენდება ყოვლად იდიოტური ლეგენდები და შეფასებები, ამ ამბავმა რომ გამოიწვია.
მაშინ არავის უთქვამს, რომ ყველა დიდ მცველს, ბეკენბაუერით დაწყებული და რუდი კროლით დამთავრებული, თავის კარში ჩაუჭრია ბურთები. რომ „ჰამბურგი“ იმ წელიწადს დიდი გუნდი იყო და ჰყავდა ოქროს ბურთის იმავ და წინა წლის ლაურეატი კიგანი, ჰყავდა ჰრუბეში, მაგათი, მანფრედ კალცი და ამ „ჰამბურგმა“ თბილისში გაკვეთილი ჩაგვიტარა ქართული ფეხბურთის ისტორიაში უბრწყინვალესი პირველი ხუთი წუთის შემდეგ. მე არ მახსოვს ასეთი ძლიერი „დინამო“. მაგრამ არც იმ „ჰამბურგის“ მსგავსი კლუბი მინახავს ჩვენს მინდორზე.
და ამის შემდეგ წლობით ძახილი:
„მუჯირმა დაგვღუპა!“ „მუჯირმა დაგვღუპა, თორემ ჩემპიონთა თასს ვიღებდით!“
თითქოს ის ხუთი ბურთი, ჩვენს კარში რომ შევარდა ამ ავტოგოლის შემდეგ, არ ყოფილა.
„მუჯირმა დაგვღუპა!“ – ეს შეძახილი ქომაგთა თაობებს გადაწვდა. და სირცხვილია, რადგან მთელი ინგლისი გარეთ საუთგეიტს აწყნარებდა, როცა მას პენალტი აუცდა ევრო-96-ის ნახევარფინალში.
ამ დღეებში კი კვლავ წამოტივტივდა ეს გვარი, რომელიც აქამდე სულელური შეძახილით მოდიოდა ჩვენამდე.
ქართული ფეხბურთის ბოლო კვირა ალალად დავით მუჯირის კვირაა.
მე მიხარია, რომ უმცროსი მუჯირიც ფეხბურთელია. უფრო მეტიც – ის ჩვენი ფეხბურთის ახალი იმედი მგონია. ჩვენს ახალ ფეხბურთში ძლივს გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც დარტყმის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. უმცროსი მუჯირის გოლები ლამაზია. უმცროსი მუჯირი გვაფრთხილებს, რომ სანამ რამეს ვიტყვით ბრბოს ენაზე, უნდა დავფიქრდეთ.
დაახლოებით ვხვდები, რა ტრიალებს იმ კაცის გულში, რომელმაც ვითომ „დაგვღუპა“.
მე მას ვეუბნები ბოდიშს, რადგან ბავშვი ვიყავი და მეგონა, რომ „დაგვღუპა“.
მე მას ვეუბნები მადლობას, რადგან მისი შვილი ლაღ, ლამაზ, ჯიგრიან და ნამდვილ ფეხბურთს თამაშობს.
უფრო სწორად კი, ასე გამოვიდა – გმადლობთ, რომ პატარა ბიჭი ფეხბურთზე მიიყვანე.
9.08.1997