„მანჩესტერ იუნაიტედმა” „კრისტალ პალასთან” წააგო. ამჯერად მარკუს რეშფორდმა ვერ გაიტანა პენალტი.
ანგარიში სტუმრებმა, როი ჰოჯსონის ბიჭებმა, პირველ ტაიმში გახსნეს. მეორე ტაიმში, თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოხდა ის, რაც უკვე გითხარით — რეშფორდმა პენალტი ვერ შეაგდო; ბოლოსწინაზე „მანჩესტერ იუნაიტედმა” გაქვითა, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ მესამე წუთზე „პალასმა” გამარჯვებისა შეაგდო.
რეშფორდმა ძელს გაარტყა. „ტვიტერზე” ტროლებმა კვლავ შესაშური ინიციატივა გამოიჩინეს. 21 წლის ფეხბურთელს იგივე დაატყდა თავს, რაც მის თანაგუნდელ პოლ პოგბას წინა ტურში „ვულვზთან” აცილებული პენალტის გამო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ვულვზთან” თამაშის შემდეგ დანიშნა „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა რეშფორდი გუნდის ერთადერთ პენალტისტად.
სულშერმა თქვა: „უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა. ეს რამენაირად უნდა დასრულდეს. ისევ იმ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ხალხი სოციალურ ქსელებში გამოგონებულ გვარ-სახელს უკან იმალება”.
ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედმა” 6 დღეში უკვე მეორე პენალტი გააცუდა. ამასთან დაკავშირებით მანჩესტერელთა ნორვეგიელმა მწვრთნელმა თქვა:
„ორ თამაშში ვერ გატანილი ორი პენალტი — ეს ფეხბურთის ნაწილია. ასეთი რაღაც ხდება. თავადაც გამიფუჭებია ფეხბურთელობისას. აი, როდესაც გაგაქვს, მაშინ სულ სხვა რამ ხდება. თუ ჩვენ მწვავედ შეტევას განვაგრძობთ, კვლავ მოვიპოვებთ თერთმეტმეტრიანებს და გავიტანთ კიდეც არაერთს. ჩვენს ფეხბურთელებს უნდა ვენდოთ”.