დიდი ვერაფერი ხვითო ჩოგბურთელია, შესაძლოა, სამშობლოს იქით მისი ვინაობა ბევრს გაგონილიც არ ჰქონდეთ და პროფესიონალურ ტურშიც სასხვათაშორისოდ იცნობდნენ, მაგრამ უცაბედად პოპულარული კი გახდა და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
მართალია, წამყვანი გამოცემების მისდამი ინტერესი ნეგატიური ამბის გამო მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ მისი სახელი ამიერიდან საჩოგბურთო სამყაროში ბევრს კაი ხანი დაამახსოვრდება.
28 წლის ჩილელ ხუან კარლოს საესს საერთაშორისო ფედერაციამ 8 წლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა, რითიც ფაქტობრივად მისი კარიერაც დასრულდა. არა გვგონია, თუ მარია შარაპოვას მსგავსად რამდენიმე თვეში ამინისტია არ შეეხო, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, 36 წლის ასაკში ჩილელმა მეჩოგნემ კვლავ კორტზე გასვლა ინებოს.
საქმე კი ჩაწყობილ თამაშებს ეხება. როგორც ირკვევა, საესი ფიუჩერსების ტურნირებზე ფსონს საკუთარი თამაშის წაგებაზე ხშირად დებდა და ამით ჯიბესაც ისქელებდა. ერთ-ერთი საეჭვო მატჩის შემდგ, მას ჩოგბურთში სპეციალურმა საგამოძიებო ორგანიზაციამ (TIU) მობილური ტელეფონის ჩაბარება მოსთხოვა, სპორტსმენმა კი კატეგორიული უარი განაცხადა, თუმც ვერა გააწყო. ტელეფონის გაშიფვრის შემდეგაც გაირკვა, რომ მას სხვადასხვა ბუქმეიქერულ კანტორებში ფსონები ჰქონდა დადებული.
ხუან კარლოს საესს დისკვალიფიკაციასთან ერთად 11 ათას დოლარიანი ჯარიმაც დააკისრეს. არ გვგონია ჩილელ მეჩოგნეს საბანკო ანგარიშზე მილიონები ჰქონოდა და მსუყე ფსონები გაეკეთებინა. ფინანსური სასჯელიც, ალბათ, იმის ექვივალენტია, რასაც საკუთარი წაგებით იგებდა.
ჩილელი ჩოგბურთელი მიმდინარეს რეიტინგში ათასეულს მიღმა იყო, ისე კი საუკეთესო მაჩვენებელი 2015 წელს ჰქონდა, როდესაც ის მსოფლიოს 230-ე ჩოგანი გახლდათ.