გახსოვთ „ბრეშა“? 90-იან წლებში ძალიან საინტერესო გუნდი იყო. იქ თამაშობდნენ გეორგე ჰაჯი, ანდრეა პირლო, პეპ გვარდიოლა, ლუიჯი დი ბიაჯო, ლუკა ტონი და რაც მთავარია, გენიალური რობერტო ბაჯო. „ბრეშას“ არასოდეს მოუგია ტიტულები, მაგრამ ყოველთვის თავისებური, ქარიზმატული გუნდი გახლდათ.
ჩამოთვლილთა გარდა, „ბრეშამ“ საფეხბურთო სამყაროს მისცა ისეთი სკანდალური ფიგურა, როგორიც დარიო ჰიუბნერი იყო. მუდამ სკანდალებში გახვეული, კარიერაში 10-ჯერ გააძევეს.
ანდრეა კარაჩილოს გვარი გულშემატკივრებს ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ, ამ კაცს, რომელმაც თავის დროზე კიევის „დინამოში“ გადასვლაზე უარი თქვა, ყველაზე მეტი ბურთი აქვს კლუბის ისტორიაში გატანილი – 416 შეხვედრაში 179 გოლი. ბრეშული კარიერა მან შარშან ზაფხულს დაამთავრა და ახლა სერია C-ში ბურთაობს.
იმ ნოსტალგიური ბრეშადან აღარაფერი დარჩა. პრეზიდენტი ლუიჯი კორიონიც კი, რომელიც კლუბს 1992 წლიდან მართავდა და პოსტი გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე 2015-ში დატოვა.
ახლა კლუბი მასიმო ჩელინოს ეკუთვნის. ეს უკვე გარანტიაა, რომ არ მოვიწყენთ. ეს ის ჩელინოა, გაიძვერა, რომელმაც 2014 წლის ზამთარში „ლიდსი“ დაშლას გადაარჩინა, ვალები დაუფარა, მაგრამ მერე ისეთები დამართა, ძლივს გამოასწრო იმ ქალაქიდან.
საერთოდ, „ბრეშა“ საინტერესო ადამიანების გუნდია. აქ იყო დანიელე დოსენა, რომელსაც 15 წლისას ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, მაგრამ ბევრი წვალების შემდეგ, 30 წლისა სერია B-ს მაჩანჩალებში თამაშით ირთობს თავს.
ლეონარდო მოროზინი, მოგვარე „ლივორნოს“ ფეხბურთელისა, რომელიც თამაშის დროს პირდაპირ მინდორზე გარდაიცვალა.
„ბრეშა“ რვა წლის განმავლობაში იმყოფებოდა სერია B-ში, გასულ სეზონში კი ტრიუმფალურად გაიმარჯვა იტალიის რანგით მეორე დივიზიონში და სერია A-ში დაბრუნდა.
ხმაურიანმა ტრანსფერმაც არ დააყოვნა: ორიოდ დღის წინ შევიტყვეთ, რომ „ბრეშას“ ფეხბურთელი მარიო ბალოტელი გახდა. სუპერმარიომ ლომბარდიულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ჯამაგირად 3 მილიონ ევროს მიიღებს. ბალოტელი „ბრეშას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა „მარსელიდან“.
თავად მარიო ამბობს, რომ „ბრეშა“ იტალიის ნაკრებში დაბრუნების მიზნით აირჩია. ეს ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო გადადგა და იმედოვნებს, რომ ლომბარდიული გუნდიდან „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელის, რობეტო მანჩინის ყურადღებას მიიქცევს.
„იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობ. მანჩინის ცოტა ხნის წინ ვესაუბრე, დაბადების დღე მომილოცა. სერია A ჯერ არ დაწყებულა და ვიმედოვნებ, რომ წარსულში მომხდარი რასისტული გამოხტომები არ გამეორდება,“ – თქვა ბალოტელიმ.
სხვათა შორის, „ბრეშა“ მისი მშობლიური ქალაქიცაა. იქ მისი მშობლები ცხოვრობენ, რომლებმაც სამი წლის ბიჭუნა შვილად აიყვანეს.
როცა დედაჩემს ვუთხარი, რომ ბრეშაში დაბრუნება შემეძლო, ტირილი დაიწყო. მე მხოლოდ აზრი ვკითხე, ის კი, ტიროდა, – გრძნობით ჰყვება გადარეული მარიო.
ახლა „ბრეშას“ თავდასხმაში მთავარი კაცები ალფრედო დონარუმა და ერნესტო ტორეგროსა არიან. ორვე უკვე ასაკოვანია (28 და 27) და არასოდეს უთამაშიათ სერია A-ში.
„არავის აინტერესებს როგორ თამაშობ ქვედა ლიგებში. არც გაქცევენ ყურადღებას. მინდა დავამტკიცო, რომ უმაღლეს ლიგაშიც შემიძლია წარმატებით თამაში,“ – ამბობს დონარუმა.
ბალოტელის მოსვლით, რომელიმეს სათადარიგოთა სკამზე მოუწევს დაჯდომა, თუმცა მოგვიანებით – ბალოტელის იტალიაში ჯერ კიდევ საფრანგეთში მიღებული დისკვალიფიკაცია გადაჰყვება.