ოლე გუნარ სულშერი თავისი ფეხბურთელების დაცვას ითხოვს. ვისგან? სოციალური ქსელების ტროლებისგან.
პრემიერლიგის მეორე ტურში, „ვულვერჰემპტონთან“ პენალტის ვერგატანის შემდეგ, პოლ პოგბას დიდი ინტერნეტ-აგრესია დაატყდა თავს. სულშერი ამბობს, რომ ფრანგი ძლიერი პიროვნებაა და შხამიან კომენტარებს არათუ გაუძლო, არამედ გაძლიერდა კიდეც. ის აგრეთვე ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში თავიანთი გვერდების ქონას არ აუკრძალავს, მაგრამ ამა ქვეყნის ძლიერთა დახმარება მაინც დასჭირდება.
„პოლი თავს კარგად გრძნობს. ის ძლიერი პიროვნებაა და მომხდარმა კიდევ უფრო გააძლიერა, მაგრამ ვერ დამიჯერებია, რომ 2019 წელს ასეთ თემებზე გვიწევს ლაპარაკი.
პასუხისმგებელმა პირებმა რამე უნდა იღონონ. პიროვნებათა დაცვა გვჭირდება. რასიზმი და სიკვდილით დამუქრება სახუმარო საქმე არ არის.
სოციალური ქსელები ის სივრცეა, სადაც ხალხი გამოგონებული სახელების უკან იმალება. რომ იცოდეთ, რამდენი ოლე გუნარ სულშერია ინტერნეტში“ — თქვა ოლე გუნარ სულშერმა.
„იუნაიტედმა“ პოლ პოგბას წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას სამარცხვინო უწოდა და „ტვიტერის“ შეფებთან მოითხოვა მოლაპარაკება.
რაც ინგლისში ახალი სეზონი დაიწყო, პოგბა არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ვერგატანილი პენალტის გამო დატროლეს. იგივე ბედი ეწია „ჩელსის“ 21 წლის თავდამსხმელს ტამი აბრაჰამს, რომელმაც „ლივერპულთან“ სუპერთასზე ვერ გაიტანა თერთმეტი მეტრიდან.