დღეს, იაპონიის ჯეი ლიგაში „საგან ტოსუმ“ „კობესთან“ 1:6 წააგო. ეს გახლდათ შესანიშნავი ესპანელი თავდამსხმელის, ფერნანდო ტორესის ბოლო შეხვედრა. კარიერა დასრულდა. მატჩის წინ კი გავრცელდა ესპანეთის ნაკრებში მისი თანაგუნდელისა და ცხოვრებაში მეგობრის, ანდრეს ინიესტას ემოციური გამოსათხოვარი წერილი, რომლის სრულ თარგმანსაც გთავაზობთ.

„რა უცნაურია. ოღონდ, არ მითხრა, რომ ასე არ არის, ფერნანდო. ძალიან უცნაურია. უცნაური და თან მშვენიერი. ორივენი აქ ვართ, რომ შენი, როგორც პროფესიონალის ბოლო შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. შენ მიდიხარ, მე კი ჯერჯერობით ვრჩები. დედამიწის მეორე ბოლოში. გეგონება ჭირვეულმა ცხოვრებამ იაპონიაში იმიტომ ჩამოგვიყვანა, რომ აქ დავემშვიდობოთ ერთმანეთს.

ფეხბურთმა 20 წელიწადზე მეტი ხნის წინ შეგვყარა, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით. თუმცა, შენ ყოველთვის „ელ ნინიოდ“ (ბავშვად) დარჩები და ჩვენ ვერაფერი დაგვაშორებს.

როდესაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, ჯერ კიდევ უტოპიური ოცნებები გვქონდა.  არ დამავიწყდება გოლი, რომელიც ინგლისის ნაკრებს 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაუტანე. არ დამავიწყდება შენი მაშინდელი ჟესტი, რომლითაც ის გოლი მე მომიძღვენი. მე ეს გოლი ტელევიზორში ვნახე, რადგან ტრავმის გამო შინ დავბრუნდი.

გახსოვს, ფერნანდო, მაისური, რომელსაც ტრინიდადსა და ტობაგოში მოაწერე ხელი? პირობა, რომელიც მაშით დავდეთ შეუსრულებელი ჩანდა. მაგრამ, ჩვენ ეს შევძელით. კვლავ ერთად. ვენაში, იოჰანესბურგში… ჩავის დაუვიწყარი პასი, რომელმაც ბრძენი მასწავლებლის, ლუის არაგონესის სიმართლე დაამტკიცა. შენი დარტყმა, როდესაც ჩვენ ყველამ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გოლი გავიტანეთ.

ჩვენ გავიყავით, მაგრამ ერთად ვიყავით. და ბოლო დღემდე ასე ვართ. საკლუბო მაისურებზე მაღლა. ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით — შენ მადრიდში, მე კი ბარსელონაში, მაგრამ მტრები არასდროს ვყოფილვართ. ჩვენ ვიყავით მეგობრები, რომლებსაც სხვადასხვა გუნდების მაისურები გვეცვა. და ყოველთვის წითელი კანი გვაერთიანებდა. ან „როხიტა“ (ესპანეთის ნაკრები), როგორც გინდა ისე დავარქვათ.

ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი ისტორია შორიდან იღებს სათავეს. ერთ დღეს შენ საზღვარი გადაკვეთე და პრემიერლიგაში წახვედი, სადაც მათ აღმოაჩინეს უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი, ჯერ „ლივერპულში“, მერე კი „ჩელსიში“. და როდესაც „ატლეტიკოში“ დაბრუნდი, მე სხვებივით აღტაცებული გიყურებდი, რადგან ფეხბურთი სპორტული წარმატებისა და წარუმატებლობის გარდა ცხოვრების აღქმის საშუალებაა. და შენ, ფერნანდო, ეს სახეობა განადიდე. ჩვენი სახეობა განადიდე.

მე არ ვლაპარაკობ გოლებზე, რომლებიც წლების განმავლობაში გაგქონდა და რომლის სათვალავიც დავკარგე. არც ტიტულებზე, რომლებიც შენი არაჩვეულებრივი კარიერის განმავლობაში მოიპოვე. მე ვლაპარაკობ შენს ღირსებაზე, პატივისცემაზე ფეხბურთის, თანაგუნდელების, მეტოქეების და, რასაკვირველია, ბურთის მიმართ.

ჩვენ დავიწყეთ უცნობ მოედნებზე, კაშკაშა განათებისგან და კამერებისგან შორს, რათა ძველების გამოცდილება გაგვეზიარებინა და შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოგვეპოვებინა. როდესაც ესპანეთში გნახავ, მე შენ გაჩვენებ იმ მაისურს, ფერნანდო. ნამდვილ განძს. თუმცა, ისიც მართალია, რომ შენს მეგობრობაზე დიდი  განძი არ არსებობს.

ჩვენი კარიერა იყო დიდებული მოგზაურობა, რომელმაც მსოფლიოს ყველა კუთხე მოგვატარა. შეხედე, სად ვართ დღეს. ტოსუში, სადაც მე და შენ ისევ ფეხბურთს ვითამაშებთ. კიდევ ერთხელ. თუმცა, ეს ჩვეულებრივი მატჩი არ არის. ეს შენი ბოლო თამაშია. შენ გუახე ვილიას (დავიდ ვილია) და მე უნდა დაგვიპირისპირდე. და შემდეგ შინ დაბრუნდები, სადაც შენები გელოდებიან, მაგრამ ისიც კარგად მოგეხსენება, რომ ბურთი მოიწყენს. დღეს ის უფრო დარდიანი იქნება, ვიდრე გუშინ. ისიამოვნე ცხოვრებითთ და იყავი ბედნიერი. მაგრამ, რა უცნაურია, ფერნანდო. შენ ჯერ არ წასულხარ, მე კი უკვე მენატრები”.