საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას „შევარდენის“ ბაზაზე განაგრძობს. ბორჯღალოსნებმა ღია ვარჯიში გამართეს და წინა შეკრებებისგან განსხვავებთ, თბილისურ ეტაპზე ძირითადად ბურთით ვარჯიშობენ. ეს გასაგებიცაა – უკვე 27 აგვისტოს მილტონ ჰეიგის რაზმი „მიხეილ მესხზე“ სამხრეთაფრიკულ ფრენჩაიზ „საუზერნ კინგსს“ დაუხვდება, ხოლო 31-ში „დინამო არენაზე“ ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ტიერ 1-ის წარმომადგენელს.
შოტლანდიის ნაკრები ქართველებივით გამალებით ემზადება ოთხწლეულის მთავარი ტურნირისთვის და მათთვის თბილისური მატჩი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შეხსენებისთვის, ერთი კვირის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდებიან – ედინბურგის სახელგანთქმულ „მარიფილდზე“, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უპრესტიჟულეს სარაგბო არენად.
ღია ვარჯიშზე ჩვენი ბიჭები ძალიან ყოჩაღად გამოიყურებოდნენ, რაც მათმა დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კიდეც:
„ჩემი ბიჭების ფუნქციონალური მომზადების დონით ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდი ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაშია და ახლა სათამაშო კავშირების გამყარებაზე ვმუშაობთ. წინა შეკრებებმა სათანადო შედეგი გამოიღო და შემდგომი ეტაპისთვის მზადებას ჩინებული საფუძველი ჩაეყარა. ამ სტადიაზე კი ჩვენი მთავარი მიზანი 31-ში „დინამო არენაზე“ შოტლანდიელებთან ტესტ-მატჩია. მის მნიშვნელობაზე საუბარიც ზედმეტია, ამიტომ გუნდის სახელით გულშემატკივრებს დიდი თხოვნით მივმართავ: გავავსოთ „დინამო არენას“ ტრიბუნები და მრისხანე მეტოქეს ერთად დავუხვდეთ“.