„ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე დასავლეთლონდონური კლუბის წინააღმდეგ ახალ სასამართლო დავას იწყებს. არადა, პირველი პროცესი მან უკვე მოიგო და საკომპენსაციო თანახა 9 მილიონი გირვანქაც მიიღო.
კონტესა და „ლურჯებს” შორის წამოწყებული ახალი დავის ამბავი საზოგადოებას „თაიმსმა” ამცნო. გაზეთმა დაწერა, რომ 50 წლის იტალიელმა კლუბს ინგლისის „შრომითი მოწყობის ტრიბუნალში” უჩივლა. წინასწარი მოსმენა გასულ პარასკევს ყოფილა, განაჩენს კი სექტემბერში ელოდებიან.
კონტეს საქმის დეტალები ჯერჯერობით ბუნდოვანია და მასზე თვით „თაიმსიც” ვერაფერს ამბობს, მაგრამ გაწაფულმა იურისტებმა ივარაუდეს, რომ ასეთი დავები, როგორც წესი, სამსახურიდან უსამართლო დათხოვნას და დისკრიმინაციას ეხება.
ერთ-ერთმა ექსპერტმა კი თქვა, რომ სამსახურიდან უსამართლოდ გაშვების გამო „ინტერის” ახალმა მწვრთნელმა „ჩელსის” დიდი-დიდი 60 000 გირვანქა გადაახდევინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ფინანსური მოტივი არ ამოძრავებს. საქმე ჯიბრსა და გულის მოფხანას უფრო ეხება.