სერენა უილიამსის კორტს მიღმა ცხოვრება არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე წმინდა საჩოგბურთო ამბები. ამერიკელი სპორტსმენი მუდმივად უსამართლობას ებრძვის – რასისტული, გენდერული და რელიგიური ჩაგვრის წინააღმდეგ სხვადასხვა აქტივობებსა და კომპანიაში მონაწილეობს და რეიტინგული პოლიტიკური გამოცემების გარეკანზეც ხშირად ხვდება. შარშან 37 წლის ჩოგბურთელი „თაიმსის“ მსოფლიოს ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა და წლის ქალადაც დასახელდა.
სწორედ ამიტომ, სერენა უსამართლობას ვერც კორტზე ეგუება და ხშირად ჰგონია კიდეც, რომ წესების დარღვევით ებრძვიან. ამის გამოძახილი იყო 2018 წლის ამერიკის ღია პირველობის ფინალი, რომელშიც სერენა ნაომი ოსაკასთან დამარცხდა, მან კი მიიჩნია, რომ ეს უსამართლოდ მოხდა, გაცოფებული და აცრემლებული უილიამსი მსაჯს მიეჭრა, სექსისტი და რასისტი უწოდა, ბოლო კი ჩოგანიც გადაღუნა.
იმ დღეს სერენას ბერძენ-ფრანგ-ამერიკელი მწვრთნელი პატრიკ მურატოღლუ იხსენებს.
„ვგრძნობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, შესაძლოა მისი კარიერის ერთ-ერთი უმთავრესიც. მან დიდი სლემის ფინალში ითამაშა და რეკორდის გამეორება შეძლო, თუმცა, მივხვდი, რომ იმ დროს სერენა თავს მშვიდად ვერ გრძნობდა და აღელვებული ჩანდა, ამიტომ მის დახმარება ვცადე, ეს ხომ ჩემი საქმეა. რამოსის (მსაჯი) ამოცანა მატჩზე კონტროლის შენარჩუნება იყო, მაგრამ მან სადავეები მთლიანად დაკარგა. იგი ემოციებს დაემორჩილა და მატჩის მიმდინარეობა ხელიდან გაექცა. ის მთავარი მსაჯი იყო და არა ჩოგბურთელი, ამიტომ ასეთი რამ არ უნდა დამართნოდა! ეს ჩემთვის და სერენასთვის საშინელი წუთები იყო, მაგრამ ჩოგბურთისთვის ფანტასტიკური, საოცარი მომენტი. ალბათ, ბოლო 10 წლის ჩოგბურთის ყველაზე წარმოუდგენელი ეპიზოდი,“-თქვა სერენას მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობა 26 აგვისტოს დაიწყება.