ფილიპე კოუტინიუ ბარსელონიდან მიუნხენის გზას დაადგა, მაგრამ „კამპ ნოუს“ თემებიდან ამ ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი სულაც არ გახლავთ მთავარი — მთავარ ინტერესს სხვა ბრაზილიელი იპყრობს. გადავა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენიდან“ „ბარსაში“? — აი, რა აინტერესებს გულშემატკივარს ყველაზე მეტად.
ცნობილი გახდა, რომ წინა კვირაში „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში იყვნენ და ნეიმარის ტრანსფერის მოგვარებას ცდილობდნენ, მაგრამ გავლენიენი ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიენი“ ეჭვს გამოთქვამს, რომ კატალონიელ საფეხბურთო ბიზნესმენთა ეს სვლა სინამდვილეში თვალის ასახევი მანევრი იყო.
მაშ, რა არის მათი ნამდვილი მიზანი? ლეო მესის გაბითურება. უფრო სწორად, მესისთვის იმის ილუზიის შექმნა, რომ მისი ახლო მეგობრის „კამპ ნოუზე“ გადასაყვანად კლუბი ყველა ღონეს ხმარობს. სხვა სიტყვებით, ნეიმარი ჯერ კიდევ შეიძლება ბარსელონელი გახდეს, რაც მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს ახარებს და ამშვიდებს.
თუ „ლე პარიზიენის“ ვერსია მართალია, სავარაუდოდ, ამ ყალბი მანევრებით ტყუვდება ნეიმარიც, რომელსაც ასევე უნდა „კამპ ნოუზე“ დაბრუნება. ბრაზილიელს ახალი სეზონიდან საფრანგეთში დარჩენა აღარ სურს.
ვარიანტებს კი იცოცხლეთ, ბევრს ამბობენ. ადრინდელ კომბინაციებს ახლა იჯარის შესაძლებლობაც დაამატეს — ვითომ, „ბარსა“ ნეიმარს თავიდან იჯარით დაიმატებსო. ხოლო ის, რომ ნეიმარში ფულს პლუს ოსმან დემბელეს, ივან რაკიტიჩის ან ნელსონ სემედოს გადახდას განიხილავენ, ძველი ამბავია.