14 აგვისტოს, თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ ლივერპული მორიგი ფინალის სათამაშოდ სტამბოლს უბრუნდება. 
ევროპის სუპერთასის ფინალი, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელობით გვარიანად ჩამოუვარდება იმ ეპოქალურ და ქრესტომათულ, თოთხმეტი წლის წინანდელ მატჩს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, სატიტულო ბრძოლაა და შესაბამისად მუხტიც უდიდესია.
ფეხბურთი უპირველესად ქომაგისაა და დღეს და ხვალ დიდი ინგლისური დესანტის მობილიზებას ელიან მასპინძლები, თუმც „ჩელსის“ და „ლივერპულს“ „ბეშიქთაშის“ არენაზე მხოლოდ ინგლისელებიც არ გაამხნევებენ…
ჩემთან ერთად თბილისი-სტამბოლის მომქანცველ გზაზე ქართველ სქაუზერთა ჯგუფმაც იმგზავრა, საგანგებოდ ამ მატჩისთვის შექმნილი სოლიდური ბანერით, რომელიც ხვალ, ბეშიქთაშის Voodafone Arena-ზე იფრიალებს. მანამდე კი, დღეს აქაური დროით 17.15 საათზე „ჩელსის“ პრესკონფერენციაა ჩანიშნული. ფრენკ ლამპარდთან ერთად მედიელთა კითხვებს პედრო და ასპილიკუეტა უპასუხებენ
18 საათზე ლონდონელები წინასანმატჩო ვარჯიშს გამართავენ. 19.15 საათიდან საპრესკონფერენციო დარბაზი ლივერპულელებს დაეთმობათ – კლოპი ვან დაიკს და მანეს იახლებს. 20.00 საათიდან კი მერსისაიდელები ერთსაათიან ვარჯიშს გამართავენ.