უეფას სასჯელი, მარცხი როტერდამში, გაძევებული ფეხბურთელი, ავტოგოლი, პენალტი – ეს ყველაფერი ერთიანად მიაწყდა თბილისის დინამოს…

ერთობ წარმატებული პერიოდის შემდეგ თბილისელები ევროპის ლიგის მესამე  საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ფეიენოორდს ესტუმრნენ. მატჩამდე შეიტყვეს, რომ  წინა ეტაპზე, გაბალასთან მატჩისას ქომაგებისგან გამოფენილი ბანერი გამო კლუბი უეფამ დასაჯა და ფეიენოორდს უმაყურებლოდ დაუხვდებოდნენ. ამ ამბავს, უშუალოდ მატჩისას შექმნილი პრობლემები დაერთო და ჯამში რაც გამოვიდა, მგონი შეხსენება არაა საჭირო.

ჩვენც, თბილისის დინამოს გენერალურ დირექტორს ზაზა დოლიძეს ამ ამბებზე ვკითხეთ:

– არ გაგვიმართლა. „ფეიენოორდთან“ ამ ანგარიშით წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. რთულია, როცა ისეც სახელოვანი და ძლიერი მეტოქე გვყავს და ყველაფერს საფეხბურთო უიღბლობა ზედ ემატება – ვგულისხმობ ფეხბურთელის გაძევებას, ავტოგოლს და პენალტს. ამ მატჩამდე დინამო ძალიან ღირსეულად თამაშობდა, როგორც ევროპულ ისე ეროვნულ სარბიელზე, – გვითხრა თბილისელთა გენმდივანმა ზაზა დოლიძემ და განაგრძო, –  გუნდში შექმნილია ყველა წინაპირობა იმისთვის რომ ფეხბურთელებმა შეძლონ ქართველი ქომაგის გახარება.

– თბილისში რა შანსი ექნება დინამოს ასეთი მეტოქის წინააღმდეგ?

– შანსი ნამდვილად გვექნება, ოღონდ, მთავარია, რომ საგოლე მომენტები გამოვიყენოთ. ერთი ნამდვილად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ დინამო არა მხოლოდ ფეიენოორდთან, ყველა მეტოქესთან ღირსეულად ითამაშებს. ბიჭები ქომაგის გასახარად ყველაფერს გააკეთებენ და პირობას გაძლევთ, უბრძოლველად არაფერს დათმობენ.

– ფეიენოორდი ფეიენოორდად, მაგრამ გაბალასთან მატჩისას რაღა მოხდა?

– ვფიქრობ, რომ გაუგებრობაა. ფეიენოორდთან 15 აგვისტოს საპასუხო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების თაობაზე, ჩვენ უეფასგან გამოვითხოვეთ და მივიღეთ დოკუმენტაცია, საიდანაც  ირკვევა, რომ გაბალასთან მატჩის უეფას დელეგატი რასაც რაპორტში წერს, საერთოდ არ ყოფილა შენიშვნის მიზეზი. ეს ბანერი ფანებს სხვადასხვა ღონისძიებაზე ადრეც აქვთ გამოყენებული და ამის შესახებ არანაირი შენიშვნა არც უეფასგან, არც სხვა ორგანოდან დინამოს არ მიუღია.

– კონკრეტულად რა არის გამოსახული ბანერზე? რა აღმოჩნდა უეფასთვის და მისი დელეგატისთვის მიუღებელი?

– ბანერზე გამოსახულია რიცხვი 1988 და წარწერა Old School (ძველი სკოლა), რაც წარმოადგენს დინამოს ძველ გულშემატკივართა გაერთიანებას. 1988 არის წელი, როდესაც დინამოს ამ გულშემატკივრებმა პირველად დაიწყეს ორგანიზებულად დაიწყეს სიარული გასვლით თამაშებზე – ვილნიუსი, კიევი, ლვოვი, მოსკოვი – და შესაბამისად 1988 ითვლება კიდევ არაოფიციალურ დაფუძნების წლად. უბრალოდ დიდი შრიფტით წერია 88, ხოლო 19 შედარებით მცირეთი. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შესაბამისი წესით და იმედს ვიტოვებთ რომ უეფა გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტებს და მაყურებელს მისცემს შესაძლებლობას მხარი დაუჭიროს მის საყვარელ გუნდს.

P.S. 88 ნეონაცისტური სიმბოლოა, რომელსაც შეესაბამება ლათინური ანბანის ასოები – HH, ანუ რომ გავშიფროთ – Heil Hitler.  ხოლო დინამოს პროტესტის პასუხს უეფა ორშაბათს ან სამშაბათს გამოაცხადებს.