როტერდამის სასტუმროში რეგისტრაციას გავდიოდით, გასაკვირად ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა რომ გამოგველაპარაკა, ისეთი ინტერესით ველი “დინამოსთან” მატჩს ვერ წარმოიდგენთო… ისეთი აღტკინებული იყო, იფიქრებდი, „ფეიენოორდის“ ერთი მატჩიც არ გამოეტოვებინა, ახალი სეზონის სტარტზე კი „დინამო“ როტერდამელთა კარგ გამომცდელად მიაჩნდა. დიდად ენაწყლიანობა რომ ვერ შეგვატყო, თავის საქმეზეც მალევე გადავიდა.

მერე კი იქვე შეჭაღარვებული ბიძებიც „გვესტუმრნენ“ და მანდ უკვე კარგი მამაპაპური დილოგი შედგა: ჩვენში ნათქვამის წვრილად მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, კი გეტყვით, რომ „ფეიენოორდის“ ისეთი ძირძველი ქომაგები გამოდგენენ, 1981 წლის „ფეიენოორდი“ – „დინამოს“ თასების თასის ნახევარფინალიც კარგად რომ ხსომებიათ და არც 8 აგვისტოს მომავალ მატჩზე უჩივიან ინფორმაციის ნაკლებობას…

მოკლედ, ისევე როგორც 38 წლის წინ – „დინამო“ როტერდამშია, ხალხმა იცის და ელოდება თბილისელებთან მათი გუნდის ხელახალ მეტოქეობას. მართალია, ამჯერად, მასშტაბი გაცილებით მცირეა, მაგრამ ჩვენთვის „ფეიენოორდთან“ 8 აგვისტოს მატჩი ნახევარფინალიც არის, ფინალიც და კიდევ ბევრი სხვაც…

„დინამო“ პირქუშ როტერდამს ნაშუადღევს 30-მდე ქომაგთან ერთად ესტუმრა. აეროპორტში, დედა ეს რა ვნახეთო, მსგავსი არაფერი ყოფილა, თუმც კი როტერდამი  „ფეიენოორდის“ იმხელა პლაკატით შეგვეგება, აშკარად შური დაგვეტყო, ეგებ თბილისშიც მსგავსი დაგვეხვედრებინაო…

„დინამო“ როტერდამის სიმბოლოდ მიჩნეული „კუბიკების“ ერთ-ერთ კორპუსში დაბინავდა, მისი თანმხლებნი კი გავიფანტეთ. გუნდმა როტერდამში ჩასვლის დღესაც ივარჯიშა, ოღონდ მსუბუქად, ასე ვთქვათ, მგზავრობის შემდეგ ძალები აღიდგინა, 7-ში კი, ჩვენთვის კარგად, (კონკრეტულად მატჩის კი ცუდად) მოსაგონარ, „დე კუიპის“  მოედანსაც მოსინჯავს.

ჩვენები აქ სრული შემადგენობით არიან. კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდს მოგვიანებით შეუერთდება. სამაგიეროდ, როტერდამშია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანი დავით მუჯირი და „დინამოს“ ახალი გენდირექტორი ზაზა დოლიძე, ვინც ეს გვითხრა:

– ცხადია, მეტოქე ძლიერია, თუმც არა დაუმარცხებელი. „დინამო,“ ბოლო წუთამდე ეცდება სასურველი შედეგის მიღწევას. კარგია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და კარგ განწყობაზეა.

ჩვენც, კარგის მოლოდინი გვაქვს… მით უმეტეს ერევანში „საბურთალოს“ თამაშის შემდეგ…

ბადრი კეთილაძის ფოტოები