პირველად ფეხბურთზე რომ წამიყვანა მამაჩემმა, 7 წლის ვიყავი. ახლა გადავხედე და ის თამაში ერევნის “არარატთან” 1978 წლის 1 ოქტომბერს გამართულა. 3:0 მოგება და შეშლილი ტრიბუნები მახსოვს. რატომ და როგორ, ვერ გეტყვით, მაგრამ ტვინში კი მაშინვე დაილექა: შეგიძლია წააგო ნებისმიერთან, მაგრამ “არარატთან” წაგების უფლება არ გაქვს.
მერე კიდევ ბევრჯერ ვნახე ცოცხლად ჩვენებისგან “არარატის” რბევა, მაგრამ ის მუღამი აღარ იყო. სიყმაწვილეში იგივე ემოცია საქართველო-სომხეთის 7:0-მა გააღვიძა. არველაძეებს შევეშვათ და გახსოვთ, როგორ ატარა ქეცბაიამ ბურთი თავით 20 მეტრის მანძილზე? წლები გავიდა, მაგრამ ქართულ-სომხურ ქიშპობას, მათ შორის სპორტში, ყავლი არ გასვლია. დღეს “არარატი”- “საბურთალოა”. თამაში იოლი ვერ იქნება, მაგრამ უნდა მოვიგოთ. ტრადიცი გვაქვს ასეთი. თქვენ მანდ ივაჟკაცეთ და აქ ჩვენ გიჩვენებთ, ქომაგობა როგორ უნდა.