დანი ალვეშმა ტიტულებით გადახუნძლული ევროკარიერა დაასრულა და სამშობლოში, ბრაზილიაში, კერძოდ კი „სან პაულუში” დაბრუნდა.

ორშაბათ საღამოს „სევილიას”, „ბარსელონას”, „იუვენტუსისა” და „პარი სენ ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი O Clube da Fé-ს ანუ „რწმენის კლუბის” წევრი გახდება.

36 წლის ალვეში „სამფეროვანთა” სტაჟიანი გულშემატკივარია. მან ბრაზილიურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ამრიგად, სამშობლოდან 2002 წელს „სევილიაში” წასული მცველი, შინ 36 ჯილდოთი ხელდამშვენებული დაბრუნდა. ბრაზილიის ნაკრებში მან 115 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ტრიუმფალურ „კოპა ამერიკაზე” ალვეში „სელესაოს” კაპიტანი გახლდათ.  ივნისში მას „პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ბოლო პერიოდში დადიოდა ჭორები, თითქოს ალვეშის შეძენით პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ იუნაიტედი” და „არსენალი” იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. როდესაც შეატყო, რომ ტრანსფერი უჯანჯლდებოდა, ვეტერანმა საკუთარ თავზე ხუმრობა გადაწყვიტა და „ინსტაგრამზე” გამოდო ფოტოები, რომლებზეც მებაღის და მაშველის ვაკანსიებს ეძებდა.

„სან პაულუში” გადასვლა ალვეშისთვის, რასაკვირველია, ხელფასის დაკლებას ნიშნავს.

კლუბის პრეზიდენტმა კარლუშ აუგუსტო დე ბარუშ ე სილვამ ინტერვიუში ფრიადი სიხარული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მის გუნდს არა მარტო დიდი ფეხბურთელი, არამედ საუკეთესო მოქალაქე და პატრიოტიც შეემატა. მან გაიხსენა ის დღე, როდესაც ალვეშს უწინასწარმეტყველა, ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩვენი ფეხბურთელი გახდებიო.