ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დღეებიღა დარჩა და ამ დღეებში „იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა სავარაუდოდ ან „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა ანაც „ტოტენჰემ ჰოთსფურში”.

„ბებერი ქალბატონის” ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დაადასტურა, რომ დიბალასთან დაკავშირებით ტურინულ კლუბში ოფიციალური წერილი მივიდა.

არგენტინელის საქმე ასეა: გასულ სეზონში მას „იუვეს” ძირითადში თამაშების რაოდენობა მოაკლდა, რადგან გუნდში არც მეტი არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუ მივიდა და ის თერთმეტეულიდან ამოაგდო. ახლა, დიბალას სურს გუნდის ახალ მწვრთნელთან მაურიციო სარისთან გაარკვიოს რა ელის მის ხელში. თუკი სარი ძირითადში თამაშის გარანტიას მისცემს, ის სიამოვნებით დარჩებოდა იტალიის ჩემპიონთა რიგებში.

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ოლე გუნარ სულშერს დიბალა ძალიან მოსწონს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ კლუბებმა ფეხბურთელები გაცვალონ — დიბალას ნაცვლად „იუნაიტედმა” „იუვენტუსში” რომელუ ლუკაკუ გაუშვას.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პაულო დიბალას შეძენით დაინტერესებულია „ტოტენჰემ ჰოთსპურიც”, რომელიც მზად არის 25 წლის მოთამაშის სანაცვლოდ კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხაც კი გაიღოს.

პაველ ნედვედი: ვადასტურებ, რომ დიბალასთან დაკავშირებით შეთავაზებები გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაც კონკრეტულს ველოდებით და არგენტინელის ბედს მშვიდად, აჩქარების გარეშე, ამის მიხედვით გადავწყვეტთ”.

შემდეგ ჩეხ ვიცე-პრეზიდენტს რომელუ ლუკაკუს ვარიანტის შესახებ ჰკითხეს. როგორც ცნობილია, ბელგიელი ფორვარდის შეძენა „ინტერს” უნდა.

„ჩვენ სერია A-ს ზედიზედ რვაგზის ჩემპიონები ვართ და ამიტომ მიგვაჩნია, რომ საკმარისად ძლიერი გუნდი გვყავს, — უპასუხა ნედვედმა, — მეორე მხრივ, ბუნებრივია, როდესაც სატრანსფერო ბაზარი ღიაა, ჩვენ შემადგენლობის გადახალისებაზეც ვფიქრობთ. არ მინდა ლუკაკუს ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის საქმის დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ჩვენ სატრანსფერო მიმართულებით ვმუშაობთ”.